განახლება: თავდაპირველად მასალაში მითითებული იყო, რომ 2025 წელს, თვეში, 100 000 ლარი და მეტი ხელფასი 35 000 დასაქმებულზე მეტმა მიიღო - ეს ინფორმაცია სწორი არ იყო, რისთვისაც BMG მკითხველს ბოდიშს უხდის.
2025 წლის განმავლობაში 100 000 ლარი ან მეტი ხელფასი 35 615 დასაქმებულმა მიიღო ანუ 6300 პირით მეტმა 2024 წელთან შედარებით.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციითვე, 2025 წლის მხოლოდ დეკემბერში 100 000 ლარი ან მეტი ხელფასის სახით 715 დასაქმებულმა მიიღო. 715 პირს ხელფასის სახით 235.5 მლნ ლარი დაერიცხათ.
ნოემბერში ამ მოცულობის ხელფასი 290 დასაქმებულს ჰქონდა დარიცხული. შემოსავლების სამსახურის სტატისტიკა აჩვენებს, რომ მაღალანაზღაურებად დასაქმებულებს გასულ წელს ხელფასის სახით 8.176 მლრდ ლარი დაერიცხათ - 1.2 მილიარდით მეტი 2024 წელთან შედარებით.
დასაქმებულების რაოდენობა, ვინც 100 000 ლარი ან მეტი ხელფასი მიიღო
- 2025 წელი - 35 615 პირი/ 8,176,722,990 ლარი
- 2024 წელი - 29315 პირი/ 6,901,192,641 ლარი
წყარო: შემოსავლების სამსახური
შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს ხელფასი 1 258 106 დასაქმებულმა მიიღო. მათი დარიცხული ხელფასი ანუ ხელფასი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, წლის განმავლობაში 32.831 მლრდ ლარს აღემატებოდა.
მონაცემები აჩვენებს, რომ გასულ წელს 35 807 დასაქმებულის ხელფასი 600 ლარზე ნაკლები იყო. 1200-დან 12 000 ლარამდე დაიპაზონში კი, დარიცხული ხელფასი 416 239-მა დასაქმებულმა მიიღო.




























