უვადო ე.წ ლამინირებული პირადობის მოწმობა აქციის დაწყებიდან 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით 129 312-მა მოქალაქემ გამოცვალა - ამის შესახებ BM.GE-ის იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.
თუ მოქალაქეები დოკუმენტებს არ განაახლებენ, ვერ შეძლებენ ვერც არჩევნებზე ხმის მიცემას და ვერც საბანკო მომსახურებებით სარგებლობას, მათ შორის ვერ აიღებენ პენსიას და ვერ ისარგებლებენ სხვა სერვისებით.
პირადობის მოწმობის აღება უფასოა მხოლოდ მათთვის, ვინც ამ დრომდე ფლობს უვადოდ გაცემულ ე.წ. ქაღალდის დოკუმენტს. 2023 წლის ნოემბრის მონაცემებით, ასეთი იყო დაახლოებით 230 ათასი ადამიანი.
უკვე თვის ბოლოს საქართველოში ყველა მოქალაქეს, რომელსაც ლამინირებული პირადობის მოწმობა ისევ აქვს, დოკუმენტი გაუუქმდება. იუსტიციის სამინისტრო ID ბარათების აღებას მათ 15 მარტიდან უფასოდ შესთავაზა. თავდაპირველად ვადა ივნისის ბოლომდე იყო, შემდეგ კი, ივლისის ბოლომდე გახანგრძლივდა.
"აქციის დაწყებიდან 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით არაელექტრონული პირადობის მოწმობის შეცვლის მოთხოვნით სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიმართა 129 312-მა პირმა, მათგან, 2024 წლის 4 ივლისის მდგომარეობით, უკვე დამზადებული იყო 121 650 პირადობის ელექტრონული მოწმობა", - წერია სამინისტროს პასუხში.
გამოდის, რომ ლამინირებული პირადობა ID ბარათით 56.2%-მა ჩაანაცვლა.
BM.GE აქციის დასრულების შემდეგ, კიდევ ერთხელ ჩაგაყენებთ საქმის კურსში, როგორია საბოლოო შედეგი.