მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენს ხარჯავენ და სად ისვენებენ ქართველები?

ბოლო სამ თვეში საქართველოს მოქალაქეებმა სხვა ქვეყნებში 700 ათასი ვიზიტი განახორციელეს და 514 მილიონი ლარი დახარჯეს.„გამყვანი ტურიზმის სტატისტიკის“ ბოლო ანგარიშის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის მეორე კვარტალის მონაცემებს ასახავს, ირკვევა, რომ საზღვრის კვეთის სტატისტიკა ერთ წელიწადში 35.4%-ით არის გაზრდილი. ზუსტი მონაცემები კი იმაზე, 700 ათასამდე საზღვრის კვეთიდან რამდენი იყო ტურისტი არ გვაქვს, ვინაიდან მონაცემებში ხვდება ყველა ის პირი რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით. 

საანგარიშო პერიოდში მოქალაქეები საშუალოდ 6 ღამით გადიოდნენ ქვეყნიდან. ყველაზე ხშირად კი ეს იყო მეგობრების/ნათესავების მოსანახულებლად, საყიდლებისთვის, პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობის მიზნით და სამკურნალოდ. 

ყველაზე ხშირად ვიზიტები ხორციელდება თურქეთისა და რუსეთის მიმართულებით.საქართველო-თურქეთის საზღვარი სამთვიან პერიოდში 236 700-მდე მოქალაქემ გადაკვეთა, საქართველო-რუსეთის - 79 900-მა. თურქეთის საზღვრისპირა აჭარის რეგიონის მოსახლეობა ძალიან ხშირად კვეთს სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს - მედიკამენტების, პროდუქტებისა თუ ტანისამოსის საყიდლად. 

საქართველო-რუსეთს შორის ყველაზე ხშირად კი ის მოქალაქეები დადიან, რომელთაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ.

მესამე ადგილზეა „ევროკავშირის ქვეყნები“, თუმცა ჯამურად. ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების სტატისტიკა გამოყოფილი არ არის. ასე რომ, რეალურ მესამე ადგილს სომხეთი იკავებს 13.9%-ით.

საქართველოს მოქალაქეებმა მხოლოდ აპრილი-მაისი-ივნისის პერიოდში საზღვარგარეთ 514 მილიონი ლარი დახარჯეს რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 12.6%-ით მეტი. საშუალოდ ერთი ადამიანი ერთ გასვლაზე 946 ლარს ხარჯავდა, საინტერესოა ისიც, რომ ვიზიტზე საშუალო ხარჯი შარშანდელთან შედარებით 15.9%-ით არის შემცირებული. „განთავსებაზე“ - ანუ სასტუმროს ან ბინის ქირაობაზე ხარჯების მხოლოდ 14% მოდის. „გასართობ, გამაჯანსაღებელ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე“ კი - მხოლოდ 4.1%.

სად მოგზაურობდნენ გასულ ზაფხულს ქართველები და რამდენად იზრდება ტურისტული ვიზიტების რაოდენობა?

სტუმარი: მამუკა კელაურაძე - ტურისტული სააგენტო "კლარკ რობინსის" აღმასრულებელი დირექტორი; გამყვანი ტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები