კატერების და იახტების რეალიზატორი კომპანია „Ramses Yachts-ი მეცხრე თვეა გაჩერებულია. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანიის დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა გიორგი ჩიკვაიძემ განაცხადა.
საქმე ის არის, რომ გიორგი ჩიკვაიძეს და მისი ბიზნესპარტნიორის ირაკლი პაპიაშვილის წინააღმდეგ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კერძოდ, საგამოძიებო სტრუქტურების ვერსიით, Ramses Yachts-მა კომპანია „ელთ ბილდინგისთვის“ 1 155 019 ლარის ღირებულების იახტის შეძენის ვალდებულება აიღო, მაგრამ ვერ შეასრულა. თავად ბიზნესმენი კი ირწმუნება, რომ ბიზნესში პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, როცა „ანტისახელმწიფოებრივი დავალების“ შესრულებაზე უარი თქვა.
გიორგი ჩიკვაიძე აცხადებს, რომ აღნიშნული საქმის გამო, კომპანიას საქმიანი რეპუტაცია შეელახა, მაგრამ იმედოვნებს, რომ მდგომარეობის გამოსწორებას შეძლებს.
- Ramses Yachts-ი მეცხრე თვეა გაჩერებულია... აქტიური კონტრაქტები {არ გვაქვს}. პროკურატურის მასალები ჩვენ გადავეცით ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, ვის ბრენდებსაც წარმოვადგენდით საქართველოში და ყველა დარწმუნდა, რა საკითხთან გვაქვს საქმე. ჩვენი ყველა პარტნიორები გვწერს წერილს, შემიძლია გამოვაქვეყნო კიდეც, რომ რამენაირად მოვიცადოთ 26 ოქტომბრამდე, რადგან როცა ტერორის რეჟიმი დასრულდება, ჩვენ ორმაგი ძალებით გავაგრძელებთ თქვენთან ურთიერთობასო...
- მიმდინარე ვალდებულებებსაც ვერ ემსახურებით? - ვგულისხმობ სხვა კლიენტების მიერ შეკვეთილი იახტების შეძენას...
- მოვრიგდით სხვადასხვა მეთოდით... კლიენტების ნაწილი ქარხნებს დავაკავშირეთ, რომ იქ დასრულდეს ეს ოპერაცია... ამ რეჟიმში ვართ.
- Ramses Yachts-ის მფლობელი ისევ თქვენ ხართ?
- დიახ.
- მაგრამ ვერ მუშაობთ?
- დიახ, რადგან მათ მთელი ჯგუფი ჰყავდათ დაქირავებული {კომპანია „ელთ ბილდინგს, რომელსაც გიორგი ჩიკვაიძე ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებს}, ვინც რეკავდა ჩვენ არსებულ თუ პოტენციურ კლიენტებთან და ეუბნებოდნენ, რომ მალე პრობლემები შეგვექმნებოდა პროკურატურასთან ჩვენთან საქმე არ დაეჭირათ, თანხა არ ჩაერიცხათ და ა.შ.
- ბიზნესი წაგართვეს?
- კი, პირველი რაუნდი მოგვიგეს... ყოველ შემთხვევაში ისე გააფუჭეს საქმე, რომ ამის რეაბილიტაციას დიდი დრო დასჭირდება.... იმედია ახალი ხელისუფლების პირობებში მოვახერხებთ.