მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას აცხადებს სამინისტრო და რეალურად მგზავრების როგორი კლებაა ბათუმის და თბილისის აეროპორტებში

5d518107ac115
შოთა ტყეშელაშვილი
12.08.19 19:05
1163
დღეს ეკონომიკის სამინისტრომ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მგზავრთნაკადის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. სამინისტროს მიერ მომზადებულ პრეს-რელიზს თან ნათია თურნავას მოადგილის აკაკი საღირაშვილის კომენტარი ერთვის, რომელიც აცხადებს, რომ ივლისში ამ აეროპორტებს 105,000 მგზავრი დააკლდა.

თუმცა, აკაკი საღირაშვილის განცხადება 105,000-ით ნაკლები მგზავრის მიღების შესახებ არა ფაქტობრივ სტატისტიკურ მონაცემს, არამედ ჰიპოთეტურ გათვლას წარმოადგენს, რადგანაც მასში რიცხვი, რომელსაც ივლისში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა არის შედარებული, ფაქტობრივი მაჩვენებელი არაა.

“ივლისში მგზავრთანაკადის ჯამურ მაჩვენებელს ამ ორ აეროპორტში უნდა მიეღწია 590,000, რის ნაცვლადაც მივიღეთ მხოლოდ 485,000 მგზავრი. მხოლოდ ივლისში თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს 105,000 მგზავრი დააკლდა," - განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.

აეროპორტების მიერ გადაყვანილი მგზავრების, ისევე როგორც სხვა მრავალი სტატისტიკური მონაცემის ერთმანეთთან შედარებისთვის, აპრობირებულ მეთოდს მისი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარება წარმოადგენს. სახელმწიფო ყველა ტიპის სტატისტიკას (y/y) წლიურ ჭრილში წარმოადგენს, რაც ორ სხვადასხვა მონაცემს შორის არსებული სხვაობის ფაქტობრივი შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

თუმცა, ამ ორი აეროპორტის მგზავრთნაკადის კლების შესახებ ინფორმაცია ამგვარად არ არის წარმოდგენილი და ის ეფუძნება დაშვებას, რომ ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთა რაოდენობა 10%-ით გაიზრდებოდა და 590,000-ს მიაღწევდა. სწორდ ამ ჰიპოთეტურ რიცხვთან და არა წინა წელს არსებულ მგზავრთა რაოდენობასთან გააკეთა შედარება მინისტრის მოადგილემ.

რამდენი მგზავრით ნაკლები მიიღეს ქართულმა აეროპორტებმა ივლისში?

2018 წლის ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 429,088 მგზავრს მოემსახურა, რაც 16%-ით მეტი იყო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამავე პერიოდში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 111,325 მგზავრს მოემსახურა, რაც 11%-ით მეტი იყო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით. ჯამურად, ამ ორივე აეროპორტით 540,413-მა მგზავრმა ისარგებლა.

შესაბამისად, 2019 წლის ივლისში გადაყვანილი 485,000 მგზავრი წინა წელთან შედარებით 55,413-ით, ანუ 10%-ით ნაკლები იყო.

ამავე სტატისტიკისთვის “მგზავრად” ითვლება აეროპორტით ერთჯერადი მომსახურება. იმის გამო, რომ როგორც წესი ვიზიტორები აეროპორტს ერთი ვიზიტის დროს ორჯერ იყენებენ (ჩამოფრენა და გაფრენა), სტატისტიკაში ისინი ორჯერ აღირიცხებიან.

ამასთან, აეროპორტების მგზავრთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ მოიცავს ქუთაისის აეროპორტს, რომელშიც შესაძლოა, კლების ნაცვლად ზრდა იყო.

აღსანიშანავია ისიც, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ივლისში მგზავრთნაკადის ოფიციალური სტატისტიკა, რომელსაცტრადიციულად ყოველი შემდეგი თვის დასაწყისში აქვეყნებდა, ჯერ არ გამოუქვეყნებია.

რაც შეეხება საზღვრის კვეთის ოფიციალურ სტატისტიკას, მისი მიხედვით, ივლისში საქართველოში აეროპორტების გავლით 190,617 ადამიანი შემოვიდა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18,058-ით, ანუ 8.7%-ით ნაკლები იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები