მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას აკეთებს სახელმწიფო მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების შესამცირებლად?

5bc9b5b8ada96
ელენე გოგბერაშვილი
19.10.18 14:42
865

ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველო ფარმაცევტული დანახარჯის წილით მთლიან ჯანდაცვის დანახარჯში მოწინავე ადგილს იკავებს. ეს მაჩვენებელი 2016 წლის სტატისტიკით 36%-ს შეადგენს. ასევე მედიკამენტებზე დანახარჯის წილი ჯიბიდან გადახდებში სტაბილურად მაღალ ნიშნულს ინარჩუნებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა გასულ წელს დაიწყო, წელს გააფართოვა  და გაზრდა როგორც ბენეფიცირთა წრე, ისე მედიკამენტების ჩამონათვალი, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ისევ რჩება.

ჯანმრთელობის ეროვნული ანგარიშის მონაცემებით, ჯანდაცვის მთლიან დანახარჯში წამყვანი წილი- 36% კვლავ მედიკამენტებზე დანახარჯს უჭირავს. წამლების ძირითადი დამფინანსებელი შინამეუნეობების 97%-ია, ხოლო სახელმწიფოს წილი ძალიან მწირია 1%.

ჯანდაცვის სამინისტრო აღიარებს, რომ ჯიბიდან გადახდების დიდი წილი ჯერ კიდევ მედიკამენტებზე მოდის, თუმცა მათი თქმით, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პროგრამები ახლო მომავალში მოსახლეობის დანახარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

„მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს ჯერ კიდევ შეადგენს მედიკამენტები. ზოგადად ჯანდაცვაზე მთლიანი დანახარჯები შეადგენს 2 მლრდ ნახევარზე მეტს და აქედან სახელმწიფომ უკვე შეძლო დაახლოებით 38%-ზე მეტი დაეფარა სახელმწიფო დანახარჯებიდან. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ზოგადად სტაციონალურ სერვისებში სახელმწიფო დანახარჯმა გადააჭარბა ბევრად ჯიბიდან გადახდა, რასაც ქრონიკული დაავადების სამკურნალო ამბულატორიული მედიკამენტებზე ვერ ვიტყვით, რომელიც ჯიბიდან დანახარჯების მნიშვნელოვან წილს იკავებს, სადღაც 36%-ზე მეტს და თუ შევადარებთ ეს ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს ორჯერ უფრო აღემატება.

სახელმწიფო ცდილობს საკუთარი სახელმწიფო პროგრამების საშუალებით დააფინანსოს გარკვეული მიმართულებები, რითაც ხელი შეუწყოს შინამეურნეობებს, დაიცვას ისინი გამაღარიბებელი დანახარჯებისგან.

ჩვენ დავიწყეთ გასულ წელს ამბულატორიული მედიკამენტების უზრუნველყოფა პირველად სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, რომელთა ქულა არ აღემატებოდა ასი ათასს. მიმდინარე წელს გავაფართოვეთ ეს პროგრამა. კერძოდ, გასულ წელს 23 დასახელების მედიკამენტი იყო მათთვის ხელმისაწვდომი სიმბოლურ 1 ლარად და წელს უკვე დაემატა როგორც მედიკამენტების ოდენობა, ისე გაფართოვდა ბენეფიციართა წრე და დაავადებათა ჩამონათვალი. მოვიცავით პენსიონერი მოსახლეობა, შშმ პირები და შშმ ბავშვები. მომდევნო ეტაპისთვის მედიკამენტების ჩამონათვალი გავაფართოვეთ. 23 მედიკამენტს დავამატეთ კომბინირებული მედიკამენტები და ჩამონათვალი გაიზარდა 36-მდე. ვაგრძელებთ კვლავ მუშაობას აღნიშნული მიმართულებით“-აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარინა დარახველიძე.

ჯანდაცვის სპეციალისტების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკას უწუნებს. სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ სახელმწიფო პროგრამები, რომელიც მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით დაიწყო შედეგს ვერ იძლევა.

„ჯიბიდან გადახდების 69% მედიკამენტებზე მოდის და საშუალო ევროპულ მაჩვენებელს 4-ჯერ აღემატება, ხოლო სახელმწიფოს წილი ჯანდაცვის დანახარჯებში 1%-ს არ შორდება. ეს სერიოზულად უნდა განიხილონ ჯანდაცვის მესვეურებმა და არა ისე, როგორც შარშან შემოგვთავაზეს ე.წ იაფი წამლების პროგრამის სახით 4 ქრონიკულ დაავადებაზე. შარშან მთლიანად ჩავარდა სათანადო საინფორმაციო კამპანიის არარსებობის გამო და შესაბამისი სტატისტიკის არ არსებობის გამო. დაახლოებით ბენეფიციართა 6-7%-მა ისარგებლა და წლევანდელი 6 თვის მონაცემებითაც 6,5%-ია სარგებლობის მაჩვენებელი.სექტებრიდან გაფართოვდა, ვნახოთ წლის ბოლოს რა შედეგი დაიდება, მაგრამ როცა 6 თვეში 6,5%-ია მაჩვენებელი, სავარაუდოა რომ წლის ბოლომდე ვერ მიაღწევს დაგეგმილ მაჩვენებელს“-აცხადებს სერგი ჩიხლაძე.

 

 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები