სასამართლო დავის მოგების მიუხედავად ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებელი კომპანია „ტიფლის ბიზნეს ჯგუფი“ სასტუმროს პროექტს გადახედავს. როგორც bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი ზაქაიძემ განუცხადა, ისინი მზად არიან შეიკრიბონ მომჩივან მხარესთან, მათ შორის ნატა ფერაძესთან, ზურაბ ბაქრაძესთან და მერიასთან ერთად და პროექტს გადახედონ.
კითხვაზე დგას თუ არა პროექტის განხორციელება-არგანხორციელების საკიხთი, გიორგი ზაქაიძე ამბობს, რომ ეს დღის წესრიგში არ დგას. თუმცა, მისი თქმით, შესაძლოა, პროექტის ფუნქცია შეიცვალოს და ადგილზე სასტუმროს ნაცვლად სკოლა ან თუნდაც საბავშვო ბაღი აშენდეს.
ბიზნესმენი ამბობს, რომ მათი მიდგომაა, პროექტი საზოგადოებრივი მნიშვნელობის და ყველასთვის მისაღები იყოს.
ზაქაიძე bm.ge-სთან აცხადებს, რომ პროექტში უკვე ჩადებულია 5 მილიონი დოლარი და სრულად ის 22 მილიონი დოლარის ინვესტიციას მოიცავს, ამიტომ 2 წლის განმავლობაში დავების გამო გაჭიანურებულმა პროცესმა კომპანიას სერიოზული ზარალი მიაყენა, თუმცა, კონკრეტულ რიცხვს ბიზნესმენი არ აკონკრეტებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თბილისის მერიას ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვის გაცემის განხილვა ხელახლა დაევალა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მერიის ნებართვა ჭავჭავაძეზე სასტუმრო ბუდაპეშტის განთავსებაზე ბათილად 2016 წელს სცნო. სწორედ ეს გადაწყვეტილება გააუქმა დღეს სააპელაციო სასამართლომ.

























