მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას დაუპირისპირებს მთავრობა ქვეყანაში ჰესების საწინააღმდეგო განწყობებს? - მაია ცქიტიშვილის პასუხი

60097deb65c46
ინგა მურუსიძე
21.01.21 17:51
973
ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ჰესებთან დაკავშირებით მთავრობა სულ ცდილობს ინვესტორს და ადგილობრივ მოსახლეობას საერთო ენის გამონახვაში დაეხმაროს, თუმცა ძალისმიერი მეთოდებით ვერანაირი პოლიტიკა ვერ განხორციელდება.

როგორც ცნობილია, საქართველოში ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის ფონზე უკვე არაერთი ჰესი დაპაუზდა, მათ შორის არის პანკისი, სადაც ჰესის მშენებლობის დაწყებისას მომხდარი დაპირისპირების განსამუხტად მთავრობას სპეცრაზმის გამოყენება დასჭირდა. ამჟამად რთული ვითარებაა ნამახვანი ჰესის მშენებლობის ადგილას, სადაც ადგილობრივებმა ჯვარი აღმართეს და ინვესტორი იძულებული გახდა ტერიტორიიდან ტექნიკა გაეყვანა. ვითარება რთულია სვანეთშიც.

Bm.ge-მ პირველ ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს ჰკითხა, თუ რა პასუხი ექნება მთავრობას ჰესების საწინააღმდეგო განწყობების მიმართ და გეგმავენ თუ არა ამ მიმართულებით პოლიტიკის ცვლილებას, ასევე რას ფიქრობს ის, რამდენად პრინციპული უნდა იყოს ამ საკითხში ხელისუფლება.

„როცა ვსაუბრობთ პრინციპულობაზე, ეს ისე არ უნდა იყოს აღქმული, რომ ჩვენ ძალისმიერი მეთოდებით უნდა განვახორციელოთ მთავრობის პოლიტიკა, ან ინვესტორის ინტერესები. როცა რეგიონულ და სხვა პროექტებს ვახორციელებთ, სულ ვცდილობთ დავეხმაროთ ინვესტორს და ადგილობრივ მოსახლეობას, რომ გამონახონ საერთო ენა და დიალოგის რეჟიმში შეთანხმდნენ ამა თუ იმ პირობების განხორციელებაზე. ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როცა ინვესტორმა ამა თუ იმ რეგიონში გაზარდა თავისი სოციალური პასუხისმგებლობა და ა.შ.“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ შედეგები არ ჩანს და მნიშვნელოვანი პროექტები შეჩერებულია/დაპაუზებულია, ცქიტიშვილი პასუხობს:
„შედეგები ჩანს, იმ უკვე მიმდინარე ჰესების პროექტებში, რომელიც ხორციელდება“.

მაია ცქიტიშვილი მედიას ამ საკითხში დიდ როლს აკისრებს და თხოვნითაც მიმართავს, რომ მოსახლეობის სწორი ინფორმირება მოახდინონ, ჰესების საჭიროებასთან დაკავშირებით:

„ჩვენი პოლიტიკა არის ის, რომ ენერგოუსაფრთხოებისთვის აუცილებლად გვჭირდება ჰიდრორესურსის გამოყენება, ამისთვის გვჭირდება ჰესების მშენებლობა, ეს არის რესურსი, რომელიც საქართველოს რეალობაში აუცილებლად გამოსაყენებელია და გარდა ამისა, ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული უფრო აქტიური დიალოგისკენ მოსახლეობასთან იმ შესაბამისი დამატებითი ინსტრუმენტების შეთავაზებით, რომელიც ინვესტორს და მოსახლეობას შორის არის, რაც არის მოსახლეობის აქტიურობა ამა თუ იმ პროექტის განხორციელებისას. ამ მიმართულებით კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს ვიცე-პრემიერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები