მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ედავება გამოძიება RS-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს და მის ძმას?

ხუნდაძეები

ძმები ვლადიმერ და კობა ხუნდაძეები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვასთან დაახლოებულ პირებად მოიაზრებიან, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე არიან ბრალდებულები. გამოძიება მათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

ვლადიმერ (ზაზა) ხუნდაძე შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე 2019-2025 წლებში მუშაობდა.

შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე საგამოძიებო ორგანოებს ჩაბარდა. აღნიშნული ინფორმაცია "ტვ პირველს" ვლადიმერ და კობა ხუნდაძეების ყოფილმა ადვოკატმა დაუდასტურა და აღნიშნა, რომ ვლადიმერ ხუნდაძის ჩაბარების შემდეგ კობა ხუნდაძე გათავისუფლებულია.

პროკურატურამ კობა ხუნდაძეს ბრალი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2025 წლის ოქტომბერში წაუყენა. აღნიშნული დანაშაული 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მედიაში გავრცელებული ცნობებით, კობა ხუნდაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის კურსელი და მეჯვარის ძმაა.

გასული წლის 22 ოქტომბერს პროკურატურის მიერ გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ კობა ხუნდაძე დააკავეს. კორუფციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკისას, მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია 94 კონვერტად დახარისხებული 1 319 300 აშშ დოლარი.

ამავე პერიოდში, პროკურატურისა და სუსის ერთობლივი გამოძიების ფარგლებში ჩხრეკები ჩატარდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, აწ უკვე მსჯავრდებული ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული კიდევ ხუთი პირის საქმეში.

რაც შეეხება ვლადიმერ (ზაზა) ხუნდაძეს, რომელიც 2019-2025 წლებში შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ძმის დაკავებიდან რამდენიმე დღეში დაიწყო. პროკურატურა ვლადიმერ ხუნდაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება უკავშირდება გორში ალკოჰოლური სასმელების უკანონო დამზადების საქმეს. პროკურატურის განმარტებით, ვლადიმერ ხუნდაძეს პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად ქალაქ გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებით ახორციელებდა ვისკისა და არყის დამზადებასა და შენახვას. (ბორის გოგიჩაიშვილი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო გირაოს სანაცვლოდ ოქტომბერშივე გაათავისუფლეს და 10 ნოემბერს გარდაიცვალა).

პროკურატურის თანახმად, ხუნდაძისთვის ზუსტად იყო ცნობილი, თუ რა დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდნენ ბორის გოგიჩაიშვილი და მასთან დაკავშირებული პირები, თუმცა მან შესაბამისი სამსახურებრივი რეაგირება არ მოახდინა და არც სხვა სახელმწიფო უწყებებს შეატყობინა მძიმე დანაშაულის შესახებ.

გამოძიების ინფორმაციით, 16 სექტემბერს გორში სპეციალურად მოწყობილ ფართში ამოღებულია სხვადასხვა უცხოური ბრენდის სასაქონლო ნიშნის გამოყენებით დამზადებული 75 000-ზე მეტი ბოთლი ალკოჰოლური სასმელი, რომლის ღირებულებაც რამდენიმე მილიონ ლარს აღემატება. აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო.

ვლადიმერ ხუნდაძეს ბრალდება დაუსწრებლად, 31 ოქტომბერს წარედგინა. მოგვიანებით დაცვის მხარემ თქვა, რომ ის ჯანმრთელობის პრობლემების გამო თურქეთში იმყოფებოდა. მას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები