მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ფიქრობენ ცნობილი ინვესტორები კრიპტოაქტივებზე?

ბაფეტი ბიტკოინი

კრიპტოინდუსტრიის კაპიტალიზაციის რეკორდული ზრდის ფონზე, ბიტკოინის, ეთერიუმისა და სხვა აქტივების მიმართ ცნობილი ინვესტორების, მეწარმეების, ბანკირებისა და ფინანსისტების ინტერესი იზრდება. ზოგიერთი მათგან ბიტკოინის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს, ზოგიც კი მას თაღლითურ პროექტს უწოდებს. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ფაქტია, რომ დღეს ბიტკოინი საინვესტიციო სამყაროს ყურადღების ცენტრშია, ამიტომ მასზე უფრო ვრცლად უნდა ვისაუბროთ.

მაშ, დავიწყოთ ენთუზიასტებით, რომელთა შორის, პირველ რიგში, ARK Invest-ის ხელმძღვანელი, კეტი ვუდი უნდა ვახსენოთ, რადგან ის ბიტკოინის ერთ-ერთი უდიდესი ქომაგია და ელის, რომ მომდევნო ათწლეულში, კრიპტოვალუტის ფასი მილიონ დოლარს გადააჭარბებს. ამასთან, კეტი ვუდს არაერთხელ უთქვამს, რომ მომდევნო ათწლეულების განმავლობაში დეფლაციის წინააღმდეგ ჰეჯირების მიზნით ის უპირატესობას ბიტკოინს მიანიჭებს, რადგან ბიტკოინს, მისი თქმით, კონტრაგენტის რისკი არ ახასიათებს და მის შექმნაში ცენტრალიზებული ინსტიტუტები არ მონაწილეობენ.

როგორც ვუდი აღნიშნავს, ბიტკოინი კრიზისგამძლე აქტივია, რომელმაც მარტივად გადაიტანა აკრძალვები, რეგულაციები, ომი, პანდემია, ფინანსური კრიზისი და ბანკების გაკოტრებაც კი. ამ თვისებების გათვალისწინებით, ბიტკოინს აქვს იმის პოტენციალი, რომ ის მომავალში ციფრულ ოქროდ იქცეს.

ანალოგიურ პოზიციას იზიარებს სოციალურ ქსელ Twitter-ის დამფუძნებელი და ფინტექ კომპანია Block-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეკ დორსი, რომელიც აცხადებს, რომ მისი პროგნოზით, 2030 წლისთვის ერთი ბიტკოინის ფასი 1 მილიონ დოლარს მიაღწევს, ანუ კრიპტოაქტივის საბაზრო კაპიტალიზაცია 20 ტრილიონი დოლარი იქნება, რაც დაახლოებით აშშ-ის ეკონომიკის მოცულობის ტოლფასია.

ამერიკელი მეწარმის შეფასებით, ბიტკოინი ფინანსურ სამყაროში გამოჩენილი ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაციაა, რომელიც ადამიანებს ფინანსური თავისუფლების მოპოვების საშუალებას აძლევს, რადგან ბიტკოინის შენახვა ვირტუალურ სივრცეშია შესაძლებელი, მისი წართმევა, მოპარვა ან ჩამორთმევა კი ფაქტობრივად შეუძლებელია. როგორც დორსი ამბობს, ბიტკოინი საკუთრების უფლების გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა, რაც მას კაცობრიობისთვის კოლოსალურ ღირებულებას სძენს.

Twitter-ის დამფუძნებელი იმასაც ამბობს, რომ ბიტკოინი, დროსთან ერთად, ინტერნეტის დე ფაქტო ვალუტად იქცევა, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოზე და ეროვნულ ვალუტაზე მაღლა იდგება, რადგან ის არავის კონტროლს არ ექვემდებარება და არავის საკუთრებას არ წარმოადგენს.

ბიტკოინის მორიგი მხარდამჭერი და უმსხვილესი კერძო ინვესტორი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის, MicroStrategy-ს დამფუძნებელი, მაიკლ სეილორია. მისი კომპანია ამჟამად 16 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინს ფლობს, რაც რეკორდულ მოცულობას წარმოადგენს.

სეილორი აცხადებს, რომ ის ბიტკოინის გაყიდვის პერსპექტივას არც კი განიხილავს. მისი განმარტებით, უოლ-სტრიტზე ETF-ების გამოჩენით „პანდორას ყუთი“ გაიხსნა და ბიტკოინი საინვესტიციო ფონდებისა და კომპანიებისთვის ხელმისაწვდომ აქტივად იქცა. ამ მოცემულობის ფონზე, ბიტკოინის გაყიდვა აზრს მოკლებული გადაწყვეტილება იქნება, რადგან ბიტკოინის მსგავსი ზრდის პოტენციალი სხვა არცერთ საინვესტიციო აქტივს არ აქვს.

სეილორი იმასაც ამბობს, რომ სანამ ბაზარზე ბიტკოინზე უკეთესი აქტივი არ გამოჩნდება, ის მას მანამდე არ გაყიდის. ბიტკოინის ჩანაცვლება კი, შესაძლოა, ვერასოდეს ვერაფერმა შეძლოს.

ამერიკელი მეწარმის განცხადებით, ბიტკოინზე უკეთესი მონეტარული სისტემა არასოდეს შექმნილა, რადგან ის არ საჭიროებს ცენტრალურ მარეგულირებელს, მისი დაჰაკვა შეუძლებელია და, რაც მთავარია, მისი მანიპულაციის უნარი არავის შესწევს, რადგან მისი ფუნდამენტური თვისებები უცვლელია და სამყაროში 21 მილიონზე მეტი ბიტკოინი ვერასოდეს იარსებებს, რაც ბიტკოინს ინფლაციური და დევალვაციური რისკებიდან იცავს.

ახლა კი დროა, ბიტკოინის მოწინააღმდეგეებზე გადავინაცვლოთ. კრიპტოაქტივების მთავარი და ყველაზე გავლენიანი კრიტიკოსი ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორი, უორენ ბაფეტია, რომელიც პლანეტის უმსხვილეს საინვესტიციო ჰოლდინგს, Berkshire Hathaway-ს ხელმძღვანელობს. „ომაჰელი ორაკულის“ თქმით, ბიტკოინი – „კვადრატში აყვანილი ვირთხის შხამია“.

ბაფეტს ამაზე გიჟური რამაც უთქვამს, კერძოდ ის, რომ იგი 25 დოლარსაც კი არ გადაიხდის მსოფლიოში არსებულ ყველა ბიტკოინში ერთად, რადგან ეს არის აქტივი, რომელიც არავითარ სარგებელს არ იძლევა, ხოლო მისი ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ უფრო მეტად გაცურდება და მოგების მიღების მიზნით, მომავალში მეტ ფულს გადაიხდის.

ბაფეტის თქმით, „ბიტკოინი რეალურად არ არის არც ვალუტა, არც ფასიანი ქაღალდი და არც საქონელი“. ეს კაზინოს მსგავსი გემბლინგისთვის შექმნილი თამაშია, რომელშიც წაგების შანსი თითქმის 100%-ია, გარდა უიშვიათესი შემთხვევებისა.

93 წლის ინვესტორის განმარტებით, კრიპტოაქტივების აბსოლუტურ უმრავლესობას არავითარი ფუნდამენტური, რეალური ღირებულება არ გააჩნიათ და მათ ფასს თითქმის სრულად განსაზღვრავს ტრეიდერების სპეკულაციური აქტივობა.

ბიტკოინთან მიმართებით ბაფეტი მთავარ პრობლემად იმას ასახელებს, რომ კრიპტოაქტივი თავისი არსებობით არაფერს არ ქმნის, მისგან არავითარი მატერიალური სარგებელი, პროდუქტი ან სერვისი არ იქმნება, რაც მას „უაზრო“ საინვესტიციო აქტივად აქცევს.

ბიტკოინის კრიტიკოსებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული და განსაკუთრებით ხმამაღალი მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის, JPMorgan Chase-ის გენერალური დირექტორი, ჯეიმი დაიმონია, რომელიც უოლ-სტრიტის ყველაზე გავლენიან ბანკირად ითვლება. სენატის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, დაიმონმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში რომ ვიყო, კრიპტოვალუტებს სრულად ავკრძალავდიო. დაიმონის ამ განცხადების პათოსი მოულოდნელი არ არის, რადგან ზოგადად კრიპტოვალუტებისა და კონკრეტულად ბიტკოინის წინააღმდეგ მას ამ დრომდეც არაერთხელ გაულაშქრავს, რადგან, მისი თქმით, ამ ტექნოლოგიის ერთადერთ ჭეშმარიტ გამოყენებას ფულის გათეთრება და გადასახადებისგან თავის არიდება წარმოადგენს.

თუმცა ამ ყველაფერს, ჯეიმი დაიმონი კრიპტოვალუტებზე ამბობს და არა უშუალოდ ბლოკჩეინზე, ანუ ტექნოლოგიაზე, რომელიც ციფრულ ვალუტებს ზურგს უმაგრებს. მეტიც, ჯეიმი დაიმონს არაერთხელ უთქვამს, რომ ბლოკჩეინის გამოყენებით საბანკო სისტემების მოუქნელობით გამოწვეული გარკვეული პრობლემების აღმოფხვრა არის შესაძლებელი, მათ შორის, მაგალითად, საბანკო გადარიცხვებისა და საერთაშორისო გზავნილების კუთხით.

ცოტა ხნის წინ, საჯარო ინტერვიუში მან განაცხადა, რომ რეკორდული ზრდის მიუხედავად, ის ბიტკოინის ყიდვას არავის ურჩევდა, რადგან ამას უაზრო საინვესტიციო გადაწყვეტილება მიიჩნევდა.

კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით შედარებით ნეიტრალური პოზიცია აქვს Bridgewater Associates-ის დამფუძნებელ რეი დალიოს, რომელიც კრიპტოვალუტებში ხედავს როგორც შესაძლებლობას, ასევე საფრთხეს. რეი დალიოს უთქვამს, რომ ბიტკოინი ინფლაციის საწინააღმდეგოდ კარგი სადაზღვევო აქტივია, რომელიც ამ თვისებით ოქროს ჯერჯერობით ვერ ჯაბნის, თუმცა მას პოტენციალი ნამდვილად აქვს.

ამ ყველაფრის ფონზე, რეი დალიო ინვესტორებს ურჩევს, საკუთარ პორტფელებში ჰქონდეთ როგორც ოქრო, ასევე აქციები, ფონდები და ბიტკოინი, რადგან, მისი აზრით, ზრდის პოტენციალი ყოველ ზემოხსენებულ აქტივს, გარკვეულწილად, აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები