„არ მგონია, ეს ყველაფერი ჩემი აზრით წყდებოდეს“, - ასე ეხმაურება ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლეში ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმის გახსნის შესაძლებლობას.
"რამდენიმე ალტერნატივას განვიხილავთ და როდესაც იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, შემიძლია მერე მოგახსენოთ, რომ ზედმეტი ლაპარაკი არ იყოს ამ საკითხზე", - აცხადებს გიორგი ქობულია და აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ვერსიაში ის პლუსებს ხედავს.
შეგახსენებთ: "ქართული ოცნება" საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმის გახსნის საკითხს განიხილავს.
ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი პარტიის 2 თებერვლის სხდომაზე განიხილეს, რომელსაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.
"ერთი-ერთი განსახილველი საკითხი იყო პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია, რომელთან დაკავშირებითაც შეიქმნა პირობითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შეხვდება. უახლოეს დღეებში, მე ვფიქრობ, ერთ-ერთი ძალიან პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება ამასთან დაკავშირებით მიღებული. ერთ-ერთ ვერსიას გაგიმხელთ მხოლოდ და მხოლოდ ჯერ, რომელსაც პირადად მე აბსოლუტურად ვეთანხმები, ვიზიარებ და ჩემს კოლეგებთან, არჩილ თალაკვაძესთან და სხვებთან ერთად შემიძლია, თანაავტორადაც კი დავასახელო თავი – შესაძლებელია ქართული კულტურის ეროვნულ მუზეუმზე იყოს საუბარი", – განაცხადა მდინარაძემ.

























