თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ჯგუფის ერთ-ერთი ავტორის მერაბ ბოლქვაძის განმარტებით, გენგეგმა მთავრობას, დედაქალაქის მერიასა და „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელობას სთავაზობს, რომ თბილისში, რკინიგზის მოქმედი სადგურიდან სატვირთო ნაწილი გადაიტანოს, სამგზავროსთან დაკავშირებით კი, დამატებითი შეფასებები გააკეთოს.
როგორც მერაბ ბოლქვაძემ BM.GE-თან საუბრისას აღნიშნა, „საქართველოს რკინიგზასთან“ გენგეგმის ავტორების ბოლო კომუნიკაციისას ცნობილი იყო, რომ სამგორიდან დიდუბემდე სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის სამი ვარიანტის განხილვა მიმდინარეობდა.
„სამივე ვარიანტი დამუშავებული ჰქონდათ. ერთ-ერთზე ვუთხარით, რომელია უკეთესი, თუმცა ვფიქრობთ, რომ ტვირთების გადატანა უსაფრთხოების თვალსაზრისით კარგია და სამგზავროს ნაწილს რაც შეეხება, თუ ღონისძიებები ჩატარდება იმ თვალსზრისით, რომ ხმაურდამცავი ეკრანები გაკეთდება, ან სხვა ზომები გატარდება, შეიძლება განხილულ იქნეს თემატური პროექტის ფარგლებში. ეს კიდევ შესაფასებელია“, - განაცხადა ბოლქვაძემ.
კითხვაზე - ქალაქის იერსახიდან და მგზავრების ინტერესებიდან გამომდინარე, გამართლებულია თუ არა ცენტრალური ვაგზლის გაუქმება, მერაბ ბოლქვაძე პასუხად ამბობს, რომ ამ კონტექსტის გათვალისწინებით, „შესაძლოა, სამგზავრო ნაწილი დარჩეს კიდეც“.
„ეს იქნება ესბანი (ჩქაროსნული მატარებელი), ისევ სამგზავრო რკინიგზა, თუ რომელი - ეს უნდა იყოს შემდეგი პროექტის საგანი, რომ მოქნილი იყოს ქალაქგეგმარებითი გადაწყვეტა, რათა გენგეგმამ კონკრეტულ ეტაპზე ისეთი რამ არ უნდა დასახოს, რომ შემდეგ ქალაქმა ალტერნატიული გადაწყვეტები ვერ შეძლოს“, - მიიჩნევს მერაბ ბოლქვაძე.
შეგახსენებთ, რომ „საქართველოს რკინიგზამ“ თბილისის ცენტრალური სადგურიდან რკინიგზის გადატანის რამდენიმე ვარიანტიდან ერთი პროექტი შეარჩია. ამის შესახებ BM.GE-ის „საქართველოს რკინიგზის“ კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი ზაზაშვილმა გასული წლის ბოლოს განუცხადა.
მისი განმარტებით, „საქართველოს რკინიგზის“ დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კომერციულად გამართლებული და დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის ყველაზე მისაღები, ცენტრალური ვაგზლიდან როგორც -სატვირთო გადაზიდვების, ისე სამგზავრო ნაწილის გადატანაა.
„გვირაბი საკმაოდ რთული საინჟინრო ნაგებობაა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოგვესმინა საერთაშორისო გამოცდილების შესახებ. მართლაც დადასტურდა, რომ გვირაბი ყველაზე უსაფრთხო, სწორი და ტექნიკურად გამართლებული გადაწყვეტილებაა - დღეს „საქართველოს რკინიგზის“ მოვლა-შენახვისა და ოპერირების ხარჯები ათწლიან ჭრილში 123 მილიონი ლარი თუ არის, ეს თანხა არათუ იზრდება, არამედ 109 მილიონ ლარამდე მცირდება. შემოვლითი რკინიგზის პროექტთან შედარებით კი, ხარჯებს 88 მილიონი ლარით ვზოგავთ“, - განაცხადა გიორგი ზაზაშვილმა.
მისივე განმარტებით, გვირაბის ერთი გამოსასვლელი სამგორში უნდა განთავსდეს, მეორე - დიდუბეში.
„დასავლეთ საქართველოს მიმართულებებს სადგური „დიდუბე“ მოემსახურება, რომელიც ტექნიკურად რომ შევხედოთ, ყველაზე კარგად ორგანიზებულ სადგურად შეიძლება, ჩამოვაყალიბოთ. აქ შეიძლება, ძალიან მარტივად ინტეგრირებული სადგური მოეწყოს. ეს მომავალზე გათვლილი პერსპექტივაა, თუმცა ძალიან საინტერესოა, ვინაიდან „დიდუბეს“ ამ ყველაფრის შესაძლებლობა აქვს“, - განმარტა გიორგი ზაზაშვილმა.
„საქართველოს რკინიგზაში“ ამ ეტაპზე არ აზუსტებენ, რა დაჯდება ამ პროექტის განხორციელება.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლამდე „საქართველოს რკინიგზა“, ყოფილი ხელისუფლების მხარდაჭერით, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელებას გეგმავდა, რაზეც დაახლოებით, 210 მლნ აშშ დოლარი უკვე დაიხარჯა, შესაბამისად ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი უკვე აშენებულია, რაც „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, სამომავლოდ დედაქალაქმა შესაძლოა, მხოლოდ საავტომობილო გზის ფუნქციით გამოიყენოს.

























