ფოთის პორტის ოპერატომა “ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით BMG-ის კითხვებს უპასუხა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი ჯერ კიდევ ელოდებიან სახელმწიფოსგან 2019 წლის 2 მაისის ბრძანების გაუქმების იურიდიული საფუძვლის მიღებას. კომპანიაში ამბობენ, რომ ნათია თურნავას მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებას მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ.
“APM ტერმინალსის” პასუხები 2019 წლის 2 მაისის ბრძანების გაუქმებასთან დაკავშირებით:
1) რაზე ჩამოყალიბდა „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ - ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას მიერ 2019 წლის 2 მაისს გაუქმებულ ბრძანებასთან დაკავშირებით, აპირებთ სამართლებრივ ღონისძიებებს მიმართოთ?თუ ჯერ კიდევ არ აქვს კომპანიას პოზიცია ჩამყალიბებული, დაახლოებით რა ვადაში ჩამოყალიბდებით?
"ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით 2019 წლის 2 მაისის ბრძანების გაუქმების კონკრეტულ სამართლებრივ საფუძვლებსა და წერილობით დასაბუთებას. მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ შევძლებთ მითითებული ბრძანების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებას."
2) „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა კლაუს ლოურსენმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ ელოდებით გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენას. რა ამყარებს თქვენს მოლოდინებს? ვისი/რისი იმედი გაქვთ?
"ვინაიდან დავაკმაყოფილებთ ყველა სამართლებრივ მოთხოვნას, ბუნებრივია, რომ გვქონდეს ინფრასტრუქტურის მშენებლობის ნებართვის მიღების მოლოდინი, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ქალაქ ფოთის განვითარებას, ასევე ვაჭრობას საქართველოსა და კავკასიის რეგიონში."
3) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას მიერ 2019 წლის 2 მაისს გაუქმებულ ბრძანებასთან დაკავშირებით ხომ არ გქონიათ კომუნიკაცია საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძესთან? ან ხომ არაპირებთ?
"პირდაპირი კომუნიკაცია ბატონ პრემიერ მინისტრთან არ გვქონია."
4) რამდენად სამართლიანი იყო ნათია თურნავა პირობების გაუქმების და კაკაურიძის სამსახურიდან დათხოვნის დროს და რას კითხულობს „ეიპიემი“ ამ გადაწყვეტილებებში?
"ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ."
5) Bm.ge-ის მიერ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი წერილებიდან ირკვევა, რომ გრიგოლ კაკაურიძემ 2 მაისის ბრძანებით, მიწათსარგებლობის პირობები დაამტკიცა მათ შორის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე. კომპანიის იურისტების შეფასებით, ეს შეიძლება გამხდარიყო მიზეზი ამ ბრძანების გაუქმების? ჰქონდა გრიგოლ კაკაურიძეს ამის უფლება?
"ჩვენ ვერ განვსჯით ბრძანების გაუქმების ლეგიტიმურობას სანამ არ გვეცოდინება მისი გაუქმების მიზეზები და საფუძვლები, რომლებიც გაუქმების შესახებ ბრძანებიდან არ იკვეთება."
ცნობისთვის: 2019 წლის 30 მაისს, ნათია თურნავამ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. მინისტრის თქმით, მის დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოს უფროსის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა შეთანხმებული მთავრობის არც ერთ მოქმედ წევრთან, ხოლო თავად დოკუმენტი კი პროცედურულ დარღვევებს შეიცავდა.
BMG-ის მიერ ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი მიმოწერის მიხედვით, APM-ი ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად სახელმწიფოს 351,056 კვადრატული მეტრის მიწის გადაცემას სთხოვდა.
შეგახსენებთ, გუშინ, 17 ივნისს აღნიშნულ თემაზე bm.ge-მ რამდენიმე კითხვა ეკონომიკის მინისტრსაც დაუსვა.
"ნუ მიწყენთ, მაგრამ ინვესტორებთან ურთიერთობაში მედიის შუამავლობაც არ დაგვჭირდება, ისე კარგად გადავწყვეტთ ყველა საკითხს", - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ BM.GE–ს ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა შეხვედრას "ეიპიემ ტერმინალსთან", სადაც აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია, რა ხარვეზების გამო გაუქმდა ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთების მიწათსარგებლობის ნებართვა.
"მე არაერთხელ განვაცხადე, რომ ვაპირებ შევხვდე "ეიპიემ ტერმინალსს" და საქმიან ვითარებაში განვიხილო ზოგადად მათთან ყველა საჭირბოროტო საკითხი, იმიტომ რომ "ეიპიემ ტერმინალსის" ინვესტორი მნიშვნელოვანი ინვესტორია, ფოთის პორტი ასევე არის მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელსაც თავის დიდი კონტრიბუცია შეაქვს ქვეყნის ლოჯისტიკაში. ნუ მიწყენთ, მაგრამ ინვესტორებთან ურთიერთობაში მედიის შუამავლობაც არ დაგვჭირდება, ისე კარგად გადავწყვეტთ ყველა საკითხს. შევეხმიანებით, შევხვდებით და თუკი რამ არის ღია კითხვა, გავივლით", - განაცხადა თურნავამ.
ამასთან, კითხვაზე - ხომ არ დააფრთხობს ანაკლიის პორტის ინვესტორებს მეორე ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, თურნავამ პასუხად განაცხადა, რომ "ამაზე მთავრობამ ცალსახა პასუხი გასცა".
"ჩვენთვის ცალსახად პრიორიტეტი არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი", – აღნიშნა მან და დასძინა, რომ ნებისმიერ სხვა ალტერნატიულ პროექტს, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, მთავრობა მხოლოდ ანაკლიის პორტის პრიორიტეტის კონტექსტში განიხილავს.
"თუკი რაიმე ბიზნესგეგმა იქნება სამინისტროში წარმოდგენილი და ჯერჯერობით ბიზნესგეგმა წარმოდგენილი არ არის, განვიხილავთ მხოლოდ იმ კონტექსტში, რომ არცერთი ნაბიჯით არ დავაზარალოთ ანაკლიის პორტის კონცეფცია", - განაცხადა თურნავამ.

























