არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტი ხავიერ მილეი 11 დეკემბრის ინაუგურაციის შემდეგ კონგრესის მოწვევას გეგმავს, რომლებსაც არგენტინის ეკონომიკის დასტაბილურებისთვის რეფორმათა მსხვილ პაკეტს შესთავაზებს.
როგორც პრეზიდენტმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, ეს პროცესი გადაუდებელია და არგენტინა ვერ დაელოდება კონგრესის სესიებს, რომლებიც, როგორც წესი, მარტში იწყება ხოლმე.
მილეის თქმით, არგენტინის ცენტრალურ ბანკში პრობლემების მოგვარება, ინფლაციის გამომწვევი მიზეზების, მათ შორის ფულის უკონტროლო ბეჭდვის, აღმოფხვრა იმ საკითხთა ჩამონათვალშია, რომლის გადაჭრაც პრიორიტეტულია.
მას შემდეგ, რაც მილეის ადმინისტრაცია საჯარო ფინანსებსა და ცენტრალური ბანკის ბალანსს გადაიბარებს, ქონებრივი კონტროლის შემსუბუქება და ქვეყნის მრავალფეროვანი გაცვლითი კურსების გაერთიანება იგეგმება.
ხავიერ მილეის გამარჯვებას არგენტინულ ბაზარზე პოზიტიური შედეგები მოჰყვა, რასაც ადასტურებს სამთავრობო ბონდების აღდგენაც. ამის მიზეზი ეკონომისტი მილეის “შოკური თერაპიაა”, რომელსაც ის ფისკალური ცვლილებებისთვის იყენებს.
“თუ ფინანსური ბაზრები ჩვენთან ითანამშრომლებენ და რეფინანსირების განაკვეთი შემცირდება, ეს ცვლილებები მტკივნეული იქნება, თუმცა გაცილებით ნაკლებად” - ამის შესახებ მილეიმ სამთავრობო ხარჯების შემცირების გავლენასთან დაკავშირებით ისაუბრა.
არგენტინაში მოსახლეობის 40%-ზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, რის გამოც საბიუჯეტო ხარჯების შემცირება ქვეყნისათვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.