მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გეგმავს ძაღლების რაოდენობის შემცირების მიზნით თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო?

63d7876f84c29
თათია ჩაფიჩაძე
30.01.23 22:49
12159
მიმდინარე წლის გაზაფხულზე თბილისში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის დადგენის მიზნით კვლევა ჩატარდება. თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი კობიაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, რომ დათვლის მეთოდოლოგიის შემუშავების მიზნით სააგენტო უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობს.

კობიაშვილი აცხადებს, რომ რაოდენობის განსაზღვრის შემდეგ დადგინდება სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ცხოველების პოპულაცია ეტაპობრივად შემცირდება.

"ძალიან მნიშვნელოვანია მიუსაფარი და პატრონიანი ცხოველების რაოდენობა ვიცოდეთ. უნდა მოხდეს რეგისტრაცია, იდენტიფიკაცია და ამის მიხედვით სამუშაოს დაგეგმა, რომ რეალურ წლებში შედეგი გვქონდეს. რთულია მეთოდოლოგიის შემუშავება,რადგან სპეციფიკური გარემოა და რაოდენობრივად დიდ მასშტაბებზე ვართ ასული. ვთანამშრომლობთ უცხოელ პარტნიორებთან, რომ შევიმუშაოთ დათვლის მეთოდოლოგია,რომელიც მაქსიმალურად მორგებული ჩვენს დედაქალაქზე იქნება და ზუსტ რიცხვებს მოგცემს. მიმდინარე წლის გაზაფხულზე ვგეგმავთ ასეთი კვლევა ჩავატაროთ, მას შემდეგ რაც გვეცოდინება ზუსტი რაოდენობა, შევძლებთ განვსაზღვროთ რამდენ წლიან პერიოდში შეიძლება გვქონდეს დადებითი ეფექტი. გაზაფხული საუკეთესო პერიოდია კვლევისთვის, როდესაც დათბება ძაღლები აქტიურად გამოდიან და ამ პროცესს ალბათ 1 თვიანი პერიოდი მაინც დასჭირდება,“ - განაცხადა კობიაშვილმა.

კითხვაზე როგორ უნდა მოხდეს მათი რაოდენობის შემცირება, კობიაშვილი პასუხობს, რომ ყველაზე გამართლებული მეთოდი მათი სტერილიზაცია-კასტრაციაა.

„ჰუმანურად ხდება მისი დაჭერა, გადაყვანა მუნიციპალურ თავშესაფარში ამ ოპერაციებისთვის და რეაბილიტაციის შემდეგ ურბანულ გარემოს უბრუნდება. ეს არის ეფექტური მეთოდი, თუ არ დაბრუნდება უკან, მაშინ იმ ადგილს იკავებს ცხოველი და იგივე პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად გვაზარდოთ ოპერაციების რაოდენობა. წელიწადში 6 ათასი კასტრაცია ხდება თავშესაფარში რასაც სტაბილურად ვახორციელებთ. ეს საკმარისი არ არის და ვმუშაობთ თავშესაფრის გამტარუნარიანობის ზრდაზეც რაც მოიცავს საოპერაციო მაგიდების და ადამიანური რესურსების გაზრდას როგორც მაშველი ეკიპაჟების, ისე ვეტერინარების მიმართულებით და ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წელს ამას შევძლებთ,“ - განაცხადა კობიაშვილმა.

იმისთვის, რომ ქუჩაში მცხოვრები მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა შემცირდეს, ცხოველთა დამცველები რამდენიმე პირობას აყენებენ, მათ შორის მასობრივი სტერილიზაცია/ კასტრაციასთან ერთად სახლის პირობებში ცხოველების გამრავლების აკრძალვას და კონტროლს, ასევე სახლიდან ცხოველის გამოგდების შემთხვევაში მნიშვნელოვან ფულად ჯარიმას. აღნიშნულ კითხვებზე საპასუხოდ კობიაშვილი ამბობს, რომ უკონტროლოდ სახლის პირობებში გამრავლების აკრძალვისა და სახლიდან ცხოველის გამოგდების თემაზე საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობა მიმდინარეობს.

„ყოველდღიურად თავშესაფარში შემოგვყავს უამრავი დაკარგული ცხოველი საყელურით, რომლებსაც არ აკითხავენ პატრონები. ვმუშაობთ პარლამენტთან, რომ გაიზარდოს ჯარიმის მოცულობა. ჯარიმა დღეს არის 8 ლარი და იმდენი უნდა იყოს, რომ მეპატრონეებმა იგრძნონ პასუხისმგებლობა. უმეთვალყურეოდ ხდება ცხოველის დატოვება ქუჩაში, რაც მიუსაფარი ცხოველების გამრავლების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ვიმუშაოთ მოქალაქეებთან. აუცილებელია აწარმოონ რეგისტრაცია სადაც ჩაიწერება ცხოველის ვეტერინალური ისტორია, სად არის აცრილი, რომელი პრეპარატით და ა.შ. რაც გაგვიმარტივებს საქმიანობას და მალე მოვახდენთ დადებით შედეგს.

ასევე აუცილებელია პასუხისმგებლობა იგრძნონ ბიზნეს სუბიექტებმა, რომლებიც უმეთვალყურეოდ, უკონტროლოდ ამრავლებენ ცხოველებს და შემდეგ არასასურველი მეტისების გაჩენის შემთხვევაში არაჰუმანურად ტოვებენ ლეკვებს როგორც ქალაქში, ისე ავტობანებზე. ესეც იმის შედეგია, რომ არაკონტროლირებადია სფერო და გარკვეულ ჩარჩოებში აუცილებლად უნდა მოექცეს. მათ უნდა ჰქონდეთ აღებული ლიცენზია, უნდა იყვნენ რეგისტრირებულები და მათ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ცხოველის სიცოცხლეზე. ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს პარლამენტში მუშაობა. ზუსტ თარიღებს ვერ გეტყვით, თუმცა შეხვედრები დაწყებულია და ჩვენ იმედი გვაქვს რომ წელს მიღებული იქნება ეს კანონი. კანონი მოიცავს ყველა მუნიციპალიტეტს, მნიშვნელოვანია რომ ყველა ჩაერთოს მართვაში ჰუმანური მეთოდით.

რაც შეეხება ვადებს, ევროპულ ქალაქებში არის მაგალითები სადაც 3-4 წლიანი გეგმა იყო, ზოგან ამას 5 წელი დასჭირდა ამიტომ არის მიზანი რომ კვლევა ჩავატაროთ და დავადგინოთ რაოდენობა. მხოლოდ სტერილიზაცია არ არის საკმარისი, აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამაზეც აქტიურად დავგეგმავთ აქციებს, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებთან ერთად იმისთვის რომ ავამაღლოთ მათი ცნობიერება თუ რა მნიშვნელობა აქვს რეგისტრაციას, ასევე იმას რომ უკონტროლოდ არ მოხდეს მათი გამრავლება,“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში გიორგი კობიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 2015 წლის დათვლით, მხოლოდ თბილისში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა 43 000 იყო, თუმცა ამ რიცხვს დათვლის მეთოდოლოგიიდან გამომდინარე ცხოველთა დამცველები ეჭვქვეშ აყენებდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები