2023 წლის 22 თებერვალს სამტრედია-გრიგოლეთის I მონაკვეთზე მშენებარე ხიდი დაზიანდა: ხიდს მე-8 ბურჯი გამოეცალა, რამაც ორი მალის ჩამოშლა გამოიწვია. სამხარაულის ბიურომ კი მშენებარე ხიდის ბურჯისა და მალების ჩავარდნის მიზეზების დასადგენად ექსპერტიზა დღეს დაასრულა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადების თანახმად, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი აღნიშნულ მონაკვეთზე პროექტირება-მშენებლობის ახალ ტენდერს გამოაცხადებს, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება დამატებითი საპროექტო კვლევები, მომზადდება ხიდის საინჟინრო პროექტი და ჩატარდება სხვა საჭირო სამუშაოები.
გარდა ამისა, ხიდის ბურჯისა და მილის ჩავარდნის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, რომლის პარალელურადაც გზების დეპარტამენტი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიასთან სამართლებრივ დავას იწყებს, ზიანის ანაზღაურების მიზნით.
"ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ხიდის მე-8 ბურჯის ჩავარდნის მიზეზი იყო პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი როსტვერკი (ხიმინჯოვანი საძირკვლის ზედა ნაწილის კონსტრუქცია). წყალდიდობამ წარეცხა როსტვერკის ქვეშ გრუნტი, რომლის ფილამ ვეღარ გაუძლო დგარების დაწოლას. დგარებმა ჩახვრიტა როსტვერკი, რის გამოც ბურჯის ორი მალი ჩაიშალა მდინარის კალაპოტში.
ექსპერტიზა ჩაუტარდა ხიდის სხვა კონსტრუქციულ ელემენტებსაც და დასკვნის მიხედვით, აღმოჩენილი იქნა პროექტთან შეუსაბამოდ, ხარვეზებით და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, სამტრედია-გრიგოლეთის 51 კილომეტრიანი მაგისტრალური გზის ორ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გახსნილია, მესამე 12 კმ-იან მონაკვეთზე გრძელდება სამშენებლო სამუშაოები. 11 კმ-იანი მონაკვეთიდან კი, რომლის შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენს მშენებარე ხიდი, დასრულებულია 10 კმ გზის მშენებლობა.