პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სებ–ის 2018 წლის ანგარიში წარადგინა. მოხსენების დასრულების შემდეგ სებ–ის პრეზიდენტს კითხვებით მიმართეს, მათ შორის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.
"საბანკო სისტემის აქტივები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ძალიან გაზრდილია, თითქმის 90%–ია. მაინტერესებს თქვენი, როგორც ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის ხედვა – რა ძირითად გამოწვევებს ხედავთ საბანკო სისტემის წინაშე სტაბილურობისა და მდგრადობის კუთხით და ადრე მახსოვს, სტრეს–ტესტები ტარდებოდა და თუ აკეთებთ ამ ტესტებს?
მეორე საკითხი – სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ 2019 წლის განვლილ პერიოდში სამომხმარებლო სესხები შემცირებულია. ელოდებით თუ არა სამომხმარებლო სესხებს მოცულობის აღდგენას და დაახლოებით, რა პერიოდში?
მესამე – ინფლაცია 4.7% გვაქვს და რაიმეს გაკეთებას აპირებთ თუ არა, რომ მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდეს?
რაც შეეხება ლარის კურსს – აქ ერთ ფაქტორს გავუსვამდი ხაზს. როდესაც ასეთი რყევა არის, აქვს თუ არა რაიმე ინსტრუმენტი ეროვნულ ბანკს, რომ როდესაც ასეთი ამპლიტუდაა, სიტყვას ჩავამატებდი, ეს კბილები რომ მოიხსნას. ამაზეა აქ საუბარი და ეს ამპლიტუდა მინიმუმამდე რომ იყოს დაყვანილი.
თუ ჩვენ პროგრესი გვაქვს საბანკო სექტორის განვითარების კუთხით, ძალიან ბევრია გასაკეთებელი ფასიანი ქაღალდების მიმართულებით, სადაც ვფიქრობთ, რომ გარკვეული ჩამორჩენაა ნამდვილად. ბევრია გასაკეთებელი. რა გეგმები გაქვთ ფასიანი ქარალდების ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებით?", – მიმართა კითხვით დეპუტატმა სებ–ის პრეზიდენტს.

























