მიმდინარე წლის ივლისში, ქართული მუსიკალური კომპანია, Bloom Music-ი მსოფლიოს წამყვანი მუსიკალური გამომცემლის, Sony Music Publishing-ისა და მუსიკალურ ინდუსტრიაში წამყვანი სპეციალიზებული პლატფორმის, Extreme Music-ის ექსკლუზიური პარტნიორი გახდა. როგორც Bloom Music-ის თანადამფუძნებელი, ჯაბა შავიშვილი “საქმიან საღამოში” ამბობს, Sony Music Publishing-ის პოლონეთის ოფისთან პარტნიორობა სინქრონიზაციის უფლებას მოიცავს და ქართულ სარეკლამო სააგენტოებს, სატელევიზიო სტუდიებსა და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს უდიდესი მუსიკალური გამომცემლობის სპეციალიზებული მუსიკის კატალოგებიდან საკუთარი პროექტებისთვის შესაბამისი მუსიკის გამოყენების ლიცენზია მიიღონ.
“Sony Music Publishing-ი უდიდესი მუსიკალური გამომცემლობაა მსოფლიოში და გვახარებს, რომ ამ გიგანტის ექსკლუზიური პარტნიორები სწორედ ჩვენ გავხდით. Sony Music Publishing-ი ხუთ მილიონზე მეტი არტისტის წარმომადგენელია, მათ შორის არიან ძველი გიგანტები The Beatles-ის, The Rolling Stones-ისა და მაიკლ ჯექსონის სახით, ასევე თანამედროვე ტიტანები, მათ შორის Beyonce და Lady Gaga. შესაბამისად, ამ ავტორების უფლებებსაც წარმოვადგენთ საქართველოში”, - ამბობს ჯაბა შავიშვილი და დასძენს, რომ თუ რომელიმე ქართულ ფილმის, რეკლამისა თუ სატელევიზიო კონტენტის შექმნისას ადამიანს ზემოხსენებული ხუთი მილიონი არტისტის კატალოგიდან რომელიმე სიმღერის გამოყენება, უნდა მიმართოს Bloom Music-ს, რომელიც საქართველოში შესაბამის ლიცენზიას გასცემს.
ჯაბა შავიშვილის თქმით, ამ დრომდე, ადამიანებს, რომლებსაც ამ მუსიკალური კომპოზიციების გამოყენება სურდათ, დიდი და გრძელი ბიუროკრატიული პროცესის გავლა უწევდათ, მაგრამ ახლა ეს პროცესები გამარტივებულია.