სამშაბათს, დონალდ ტრამპის მიერ ირანისთვის "სრულ განადგურებამდე" დაწესებული ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე ერთი საათით ადრე, აშშ და ირანი ორკვირიან ზავზე შეთანხმდნენ. თეირანი ჰორმუზის სრუტის დროებით გახსნას დათანხმდა.
ზავს ისრაელიც დათანხმდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის მასშტაბით თავდასხმების ესკალაციის გეგმების შეჩერება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ირანისგან 10-პუნქტიანი წინადადება მიიღო, რაც "მოლაპარაკებებისთვის სამუშაო საფუძველს" წარმოადგენს.
რა მოთხოვნებია ირანის 10-პუნქტიან გეგმაში?
ამერიკული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანი ომის დასრულებას მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდება, რაც დეტალები 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შესაბამისად შეთანხმდება, რომელიც თეთრ სახლს პაკისტანის შუამავლობით გადაეცა.
ირანული სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებული 10 პუნქტის სია მოიცავს რიგ პირობებს, რომლებიც აშშ-მა წარსულში უარყო. ირანული მხარის მიერ ინგლისურ ენაზე გასაჯაროებული გეგმა ითვალისწინებს:
- ირანზე დაწესებული ყველა პირველადი და მეორადი სანქციის მოხსნას;
- ჰორმუზის სრუტეზე ირანის კონტროლის შენარჩუნებას;
- ახლო აღმოსავლეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანას;
- ირანსა და მის მოკავშირეებზე თავდასხმების შეწყვეტას;
- ირანის გაყინული აქტივების განბლოკვას;
- გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ნებისმიერ შეთანხმებას სავალდებულოს გახდის.
The Guardian-ის ცნობით, სპარსულ ენაზე გავრცელებულ ვერსიაში ირანმა თავისი ბირთვული პროგრამისთვის ასევე შეიტანა ფრაზა "გამდიდრების უფლების აღიარება". თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო, ირანელი დიპლომატების მიერ ჟურნალისტებისთვის გადაცემულ ინგლისურ ვერსიებში ეს ფრაზა გამოტოვებული იყო.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ სრუტეში უსაფრთხო გავლა ირანის სამხედრო მენეჯმენტის პირობებში იქნება ნებადართული. ჯერჯერობით უცნობია, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ირანი ამ საწყლოსნო გზაზე კონტროლს სრულად შეასუსტებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გეგმა ირანსა და ომანს უფლებას აძლევს, სრუტეში გამავალ თითოეულ გემზე 2 მილიონ დოლარამდე მოსაკრებელი დააწესონ. ამ თანხას ირანი რეკონსტრუქციისთვის გამოიყენებს.
თუ სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშლება, თეირანი შესაძლოა კვლავ შეეცადოს სრუტის ჩაკეტვას.
დათანხმდება თუ არა აშშ ამ 10-პუნქტიან გეგმასა და ირანის წინადადებებს?
თითქმის ერთი წლის წინ, როცა ტრამპის ადმინისტრაციასა და ირანს შორის თეირანის ბირთვული პროგრამის სტატუსზე მოლაპარაკებები დაიწყო, ირანის რადიკალურად განსხვავებული მოთხოვნები და ზღვარი, რისი დათმობაც თითოეულ მხარეს შეეძლო, გრძელვადიანი შეთანხმებისთვის ბარიერად იქცა.
ირანის მოთხოვნა, შეინარჩუნოს კონტროლი ჰორმუზის სრუტეზე, განსაკუთრებული შეშფოთების საგნად სახელდება, რადგან კონფლიქტის დაწყებამდე მას სრუტეზე კონტროლი არ ჰქონია.
თავად ტრამპს ირანის მოთხოვნებზე პირდაპირი კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ "ჰორმუზის სრუტეში სატრანსპორტო საცობების მოგვარებაში დაეხმარება".
ექსპერტებისა და ანალიტიკოსების აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ ირანის მაქსიმალისტურ მოთხოვნებს დათანხმდეს, თუმცა ისინი მოლაპარაკებებისთვის საფუძველს შექმნიან.
არის თუ არა ისრაელი გარიგების ნაწილი?
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს აპარატმა განაცხადა, რომ ისრაელი მხარს უჭერს აშშ-ის გადაწყვეტილებას ირანზე თავდასხმების ორი კვირით შეჩერების შესახებ, თუმცა ზავი ლიბანს არ ეხება. მანამდე პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შეთანხმებული ზავი ვრცელდებოდა "ყველგან, მათ შორის ლიბანშიც".
ნეთანიაჰუს აპარატის განცხადებით, თეირანმა დაუყოვნებლივ უნდა გახსნას სრუტე და შეაჩეროს თავდასხმები აშშ-ის, ისრაელისა და რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ. ისრაელმა ასევე გამოხატა მხარდაჭერა აშშ-ის ძალისხმევის მიმართ, უზრუნველყოს, რომ ირანი აღარ წარმოადგენდეს ბირთვულ, სარაკეტო ან "ტერორისტულ" საფრთხეს.
ლიბანში ისრაელის სამხედრო ოპერაციას სულ მცირე 1 500 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 1.2 მილიონი იძულებით გადაადგილდა. ლიბანი ომში მას შემდეგ ჩაერთო, რაც "ჰეზბოლამ" თეირანის სოლიდარობის ნიშნად ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისროლა.
რა მოხდება შემდეგ?
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა, რომელიც ზავის მიღწევაში შუამავლის როლს ასრულებდა, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ ირანისა და აშშ-ის დელეგაციები პარასკევს ისლამაბადში შეხვედრაზე მიიწვია.
თეირანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს. თეთრი სახლის ცნობით, ირანთან პირისპირ მოლაპარაკებები განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.




























