მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას გულისხმობს ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა? - EBA-მ და UNFPA-მა ბიზნეს ფორუმი გამართეს

ბიზნეს ფორუმი

ევროპული ბიზნეს ასოციაციისა (EBA) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ორგანიზებით, ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით, მასშტაბური ბიზნეს ფორუმი გაიმართა, რომელმაც თავი 100-მდე კერძო სექტორის ლიდერს, ნოვატორს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მოუყარა - ფორუმზე კერძო სექტორის განვითარებასა და დემოგრაფიულ მდგრადობას შორის არსებული მჭიდრო კავშირი განიხილეს.

ფორუმის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ ტრანსფორმირდა ოჯახზე ორიენტირებული პოლიტიკა სტანდარტული კორპორაციული ბენეფიტებიდან საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვის ფუნდამენტურ წინაპირობად.

რას გულისხმობს ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა?

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) მხარს უჭერს ქვეყნებს დემოგრაფიულად მდგრადი საზოგადოებების შექმნაში. ამ პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ისეთი გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ადამიანებს გაუმარტივებს შვილების ყოლასთან დაკავშირებული სურვილების რეალიზებას - ისე, რომ მათ არ მოუწიოთ საკუთარ კარიერულ მისწრაფებებზე უარის თქმა. ამ კონტექსტში სამუშაო ადგილს გადამწყვეტი როლი ენიჭება.

როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში, ოჯახზე მორგებული და გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის გატარების ადვოკატირება UNFPA-ის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამგვარი პოლიტიკა ემსახურება ყველა თანამშრომლის ხელშეწყობას, შეათავსოს სამუშაო და ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობები, შექმნას კეთილგანწყობილი სამუშაო კულტურა და გარემო და დასაქმებულებს შესთავაზოს როგორც პრაქტიკული, ისე ემოციური მხარდაჭერა.

ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა ეხმარება წყვილებს იყოლიონ იმდენი შვილი, რამდენიც მათ სურთ ისე, რომ დედაც და მამაც სრულფასოვნად ახერხებდეს სამუშაო ძალის შენარჩუნებასა და ეკონომიკური სარგებლის მიღებას. ასეთი პოლიტიკის ნაწილია სათანადოდ ანაზღაურებადი მშობლის შვებულება - დედებისა და მამებისათვის, ასევე, მშობლებისათვის მოქნილი სამუშაო განრიგის შეთავაზება, მეძუძური დედებისთვის სპეციალური ადგილების გამოყოფა, მცირეწლოვანი ბავშვების მოვლისთვის განკუთვნილი სივრცეები სამუშაო ადგილზე და სხვა.

დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების საუკეთესო გზა არის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ადამიანებს საკუთარი მომავლისა და ოჯახის მიმართ მტკიცე რწმენას გაუჩენს. თუ ახალგაზრდებს აქვთ წვდომა ხარისხიან განათლებასა და ჯანდაცვაზე, თუ ისინი სტაბილურად არიან დასაქმებული და იღებენ დახმარებას საკუთარი ოჯახების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ ემიგრაციაში წასვლის სურვილი გაუჩნდეთ და, გარდა ამისა, უფრო მეტი შვილის გაჩენის გადაწყვეტილებას იღებენ.

მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა - როგორც ეროვნულ დონეზე, ისე კერძო სექტორის მიერ განხორციელებული - მძლავრი იარაღია დისკრიმინაციული გენდერული ნორმების დასაძლევად და ოჯახზე ზრუნვისა და აუნაზღაურებადი შრომის გადანაწილებისთვის, რაც როგორც ქალებს, ასევე კაცებს, საკუთარი კარიერული და რეპროდუქციული მისწრაფებების რეალიზების საშუალებას აძლევს.

წარმატებული ბიზნესქეისების გაზიარებითა და საფინანსო ინსტიტუტების განახლებული დაკრედიტების პრინციპების განხილვით, ფორუმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "ზრუნვის კულტურა" არ არის მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობა; ის გრძელვადიანი ეკონომიკური კონკურენტუნარიანობისა და მდგრადი განვითარების კრიტიკული მამოძრავებელი ძალაა.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, დიდიე ტღებიუკი, რომელმაც ხაზი გაუსვა კერძო სექტორის გადამწყვეტ როლს ამ პროცესში.

"როდესაც კომპანიები ნერგავენ ოჯახზე ორიენტირებულ პოლიტიკას – მოქნილ სამუშაო პირობებს, მშობლის შვებულებას ორივე მშობლისთვის, ადგილზე არსებულ ან სუბსიდირებულ ბავშვთა მოვლის სერვისებს – გზავნილი თანამშრომლებისადმი არის, რომ მათ არ მოუწევთ არჩევანის გაკეთება ოჯახსა და კარიერას შორის. ეს გზავნილი ცვლის გადაწყვეტილებებს: სამუშაო ძალაში დარჩენის, შვილების ყოლის, მშობლის შვებულების შემდეგ დაბრუნების შესახებ. დროთა განმავლობაში, ეს გავლენას ახდენს დემოგრაფიაზე. გაეროს შეუძლია ნორმების დაწესება, ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა და პოლიტიკური ცვლილებების ადვოკატირება, მაგრამ სწორედ კერძო სექტორი ქმნის იმ პირობებს, რომელსაც მილიონობით ადამიანი განიცდის ყოველდღიურად", - თქვა მან.

დისკუსიისას ყურადღება გამახვილდა იმ ბარიერებზეც, რომლებსაც ქალები შრომის ბაზარზე აწყდებიან. ზანე რუნგულემ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში აღნიშნა, რომ ოჯახზე ორიენტირებული მიდგომები პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ სარგებელთან.

"ქალებს კვლავ აკისრიათ აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის არაპროპორციულად დიდი წილი და საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. ეს ხშირად ზღუდავს ქალების მონაწილეობას შრომის ბაზარზე, აფერხებს მათ კარიერულ წინსვლას და ხელს უწყობს ანაზღაურებაში არსებულ გენდერულ სხვაობას. კომპანიებში, რომლებსაც აქვთ მშობლის შვებულების ძლიერი პოლიტიკა, მოქნილი სამუშაო პირობები და ბავშვთა მოვლის მხარდაჭერის მექანიზმები, მცირდება კადრების გადინება, იზრდება პროდუქტიულობა და ჩნდება ახალი კადრების მოზიდვის უკეთესი შესაძლებლობები. ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის გაძლიერება კომპანიებს ეხმარება სამუშაო ძალის სრული პოტენციალის რეალიზებაში და ხელს შეუწყობს უფრო ინკლუზიურ და კონკურენტუნარიან ეკონომიკას, რომელსაც ევროპული ინვესტიციების მოზიდვა შეუძლია", - თქვა ზანე რუნგულემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები