2016 წელს დაარსებულმა კომპანია “ამწემ” რებრენდინგი განიცადა, რომლის საფუძველზეც მას “ვეება” ეწოდა და სახელწოდების ცვლილებასთან ერთად, კომპანიის ბრენდის ვიზუალური იდენტობაც შეიცვალა. ამ სიახლესთან დაკავშირებით, კომპანიამ კონფერენცია გამართა, სადაც “ვეებას” სამომავლო გეგმებიც გაჟღერდა.
კომპანიის საქმიანობის სფერო სამხრეთ კავკასიის რეგიონში მძიმე სამშენებლო ტექნიკის და კოშკურა ამწეების რეალიზაციაა. “ვეებამ” მოახერხა ისიც, რომ ბეტონის ტექნიკის გაქირავება-რეალიზაციის ბაზრის მოწინავე მოთამაშე გამხდარიყო.
კოშკურა ამწეების რეალიზაციის გარდა, “ვეება” 2018 წელს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში SANY-ის ოფიციალური დილერი გახდა. SANY სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ევროპულ ხარისხს სთავაზობს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 8 ქარხანას ფლობს.
კონფერენციაზე “ვეებას” წარმომადგენლებმა მძიმე სამშენებლო ტექნიკის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამებიც დააანონსეს.
“ჩვენი კომპანია თბილისში ერთი შოუ-რუმითაა წარმოდგენილი. მომავალში ვაპირებთ, დასავლეთ საქართველოში კიდევ განვავითაროთ როგორც სერვისის, ასევე შოუ-რუმების მიმართულება. იგივე იგეგმება სომხეთშიც, სადაც წარმომადგენლობა უკვე გახსნილი გვაქვს და მომავალში გაფართოების გეგმა აღმოსავლეთ ევროპისკენ გვაქვს,” - განაცხადა „ვეებას“ დამფუძნებელმა შოთა ქობალიამ.
“ჩვენს პარტნიორ SANY-სთან, რომელიც ჩინეთის ბაზარზე უდავო ლიდერია და ამერიკასა და ევროპაში მოწინავე პოზიციები უჭირავს, ვგეგმავთ ისეთ მნიშვნელოვან პროექტს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს უნდა შევთავაზოთ უფრო მოქნილი, საქართველოს ბაზარზე მორგებული პირობები. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია მხოლოდ ამწეების დარგში აღარ მოღვაწეობს, რებრენდინგი განვახორციელეთ. რაც შეეხება SANY-სთან თანამშრომლობის გეგმას, ეს ეხება გადახდის უფრო გრძელვადიან პირობას, რომელიც საკმაოდ საინტერესო იქნება ჩვენი მომხმარებლებისთვის,” - განაცხადა “ვეებას” შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა ანა გელაშვილმა.
ამ ეტაპზე “ვეებას” მარაგში 30 ერთეული კოშკურა ამწე და 25 ერთეული ბეტონის ტექნიკა აღირიცხება. “ვეებაში” აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში კომპანიამ არაერთი პროექტის განხორციელება შეძლო, მათ შორის - 200-ზე მეტ კომპანიას განსხვავებული პროდუქცია და მომსახურების მაღალი სტანდარტი შესთავაზა.
“ვეებას” ამბიციაა, მძიმე სამშენებლო ტექნიკის მიმართულებით საქართველოში ლიდერი კომპანია გახდეს.
R