ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პარლმენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხობს, დეპუტატ რატი იონათამიშვილის კითხის საპასუხოდ სუბორდინირებული სესხის შესახებ განმარტება გააკეთა.
საქმე იმაშია, რომ როგორც ცნობილია, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი კაპიტალის შესავსებად სუბორდინირებული სესხის სახით, 100 მლნ დოლარს საპარტნიორო ფონდისგან მიიღებს, რომლის წყარო სახელმწიფ ბიუჯეტია.
„სესხს ნამდვილად ჰქვია სუბორდინირებული სესხი. სუბორდინირება, ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ მისი დაფარვა ხდება რაღაც სხვა სესხის შემდეგ, კერძოდ ეს სესხი არის სუბორდინირებული ძირითად სესხებზე. ანუ მისი დაფარვა სახელმწიფოსთვის მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ინვესტორი ბანკებს გადაუხდის 400 მილიონი დოლარის სესხს, გარდა ამისა, ამ სესხის ხანგრძლივობაც არის 22 წლამდე, ის უნდა აღემატებოდეს ძირითადი სესხების ვადას 2 წლით მაგრამ იყოს არა უმეტეს 22 წლისა.
სესხის ძვირიანობაზეც რომ არის საუბარი და სესხის პროცენტზეც, მინდა გითხრათ, რომ 2,5 %-ით აღემატება იმ ძირითადი სესხების საშუალო პროცენტს, რომელზეც თვითონ კონსორციუმი და ბანკები მოილაპარაკებენ ასე რომ მათ ხელშია რამდენად ძვირი თუ იაფი იქნება.
ამ შემთხვევაში სუბორდინირებული სესხი იმის მიუხედავად რომ მას ქვია სესხი, საერთოდ ფინანსებში განიხილება როგორც საკუთარი კაპიტალის ერთგვარი ფორმა, რომელიც საკუთარი კაპიტალის შევსებას ნიშნავს ამ შემთხვევაში და მეტსაც გეტყვით, რომ მთელი საკუთარი კაპიტალი, რომელზედაც დღეს ვსაუბრობთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მხრიდან, რომელიც უშუალოდ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს აქვს მოზიდული ამ პროექტში, მათ შორის მისივე დამფუძნებლების მხრიდან, მისი დიდი ნაწილი ასევე წარმოადგენს სუბორდინირებულ სესხს, ასე რომ ის თანხა, რომელზეც სახელმწიფომ გამოთქვა მზაობა ამ თანხების გაცემის, თავისი ფინანსური სტრუქტურით და თავისი შინაარსით არის იმის ანალოგიური, მოზიდული საკუთარი კაპიტალის დიდი ნაწილის ადეკვატური, რაც თვითონ კონსორციუმს აქვს ამ პროექტში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ჩუქნის ამ ფულს, იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის სესხი, რა თქმა უნდა, ამ ფულის დაბრუნება არის ნაგულისხმები, მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმ რისკებზე, რომელიც არის ასოცირებული ამ სესხთან, ჯერ კონსორციუმმა უნდა უზრუნველყოს 400 მილიონის სესხის დაფარვა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება საპარტნიორო ფონდის სესხის ანაზღაურება. აქაც მინდა გითხრათ, რომ საპარტნიორო ფონდის სესხის დაფინანსების წყარო არის სახელმწიფო ბიუჯეტი“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

























