მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ისახავს მიზნად „ნადირობის შესახებ“ კანონპროექტი?

გარემოს დაცვა
BM. GE
02.11.23 01:00
42

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, „ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის სამუშაო ვერსიას გარემოსდაცვითი მიმართულების არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნენ.

ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი და ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსი რევაზ ბეჟაშვილი ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ნადირობის შესახებ ახალი კანონი ხელს შეუწყობს ნადირობის მდგრადი სისტემის დანერგვას. კანონპროექტის მიზანია ნადირობის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ფასეულობების თანაბრად გათვალისწინება და სანადირო სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს (ჰაბიტატი) მდგრადი მართვა, სახეობათა პოპულაციების კონტროლი, ასევე, მონადირეთა სერტიფიცირება, რის შედეგადაც შეიზღუდება ბრაკონიერობა.

შეხვედრაზე ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსმა, რევაზ ბეჟაშვილმა ახალი კანონპროექტის სამუშაო ვერსიის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

„ახალი რეგულაციით, სერტიფიცირებულ მონადირეს ექნება მონადირეთა საერთაშორისო ორგანიზაციის (CIC) მიერ აღიარებული ნადირობის სერტიფიკატი. ახალი კანონით საქართველოში დაიწყება ველური ბუნების მდგრადი მართვის სფეროში საუკეთესო ევროპული გამოცდილების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს როგორც სანადირო სახეობების პოპულაციების აღდგენას, ასევე ბრაკონიერობის შემცირებას; მოხდება ადგილობრივი სახეობების აღწარმოება, სანადირო მეურნეობების წინასწარი დაპროექტება, საზოგადოებრივი სავარგულების დადგენა და ადგილობრივ სახეობებზე ნადირობის დაშვება ინდივიდუალური ლიცენზიით", - აღნიშნა რევაზ ბეჟაშვილმა.

სამუშაო შეხვედრაზე, სახეობათა აღდგენის პროგრამასა და ფიზიკური დაცვისა და მონიტორინგის მნიშვნელობაზე ისაუბრა მეცნიერებათა დოქტორმა ზურაბ გურიელიძემ. „სახეობათა მომრავლება მნიშვნელოვანია როგორც რეინტროდუქციის კუთხით, ასევე ბუნებაში გამრავლების ხელშეწყობისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ყოველი სახეობა ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს", - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

პროგრამა „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველოს“ ფარგლებში, ალგეთის ეროვნულ პარკში დაგეგმილია კეთილშობილი ირემის საშენის მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს ველურს ბუნებაში პოპულაციის აღდგენას.

კანონის პროექტი „ნადირობის შესახებ“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს ინიციატივითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ქართველი ექსპერტების მიერ მომზადდა.

ცნობისთვის: „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ საქართველოს მთავრობისა და შვედეთის სამეფოს მთავრობის ურთიერთანამშრომლობის მიმდინარე პროექტია, რომელიც 2021 წლიდან ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობას, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას და სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების, მათ შორის, ველური ბუნების სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას.

ამავე პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს მუშაობა კანონზე „ნადირობისა და სანადირო სახეობათა მართვის შესახებ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები