მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ითვალისწინებს „ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა? - პირობები

ღვინის ეროვნული სააგენტო

საქართველოს მთავრობამ 8 აპრილის მთავრობის სხდომაზე ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. ამის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე დღეს გამოქვეყნდა.

დოკუმენტიდან ირკვევა რომელ ღონისძიებებზე, რა მოცულობებით დააფინანსებს სახელმწიფო იურიდიულ პირებს და რა პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ პოტენციურ ბენეფიციარებს სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამაში ჩასართავად. ჯერჯერობით უცნობი რჩება რა თანხა დაიხარჯება გამოიყოფა კონკრეტულად ამ პროგრამისთვის ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან.

დოკუმენტის მიხედვით, პროგრამას, რომელიც ქვეყნის შიგნით ადგილობრივი წარმოების ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის პოპულარიზაციის ხარჯების თანადაფინანსებას გულისხმობს, ღვინის ეროვნული სააგენტო განახორციელებს და ის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული „მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამის“ „ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების“ ქვეპროგრამით გამოყოფილი თანხებით დაფინანსდება.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ პროგრამა ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციასთან ერთად სამომხმარებლო კულტურის ამაღლებას ისახავს მიზნად და მისი ამოცანა ქვეყანაში იურიდიული პირების მიერ ღონისძიებების - ფესტივალების, კონკურსების ჩატარების დაფინანსებაა.

რაც შეეხება პროგრამის პირობებს და ანაზღაურების მოცულობას, სახელმწიფო შემდეგი სახის ღონისძიებებში მონაწილეობას დააფინანსებს:

ა) ქართული ღვინოპროდუქციის ფესტივალები;

ბ) ღვინოპროდუქციის თემატური გამოფენები ქართული ღვინის მონაწილეობით;

გ) ადგილობრივი და საერთაშორისო ღვინოპროდუქციის კონკურსები;

დ) ღვინოპროდუქციის საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები.

„ბენეფიციარს აუნაზღაურდება პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიების ღირებულების, ფაქტობრივად დადასტურებული ხარჯები, არაუმეტეს ღონისძიების სრული ღირებულების 70%-ის ოდენობით, 150 000 ლარის ფარგლებში“ - აღნიშნულია დადგენილებაში

თუმცა პროგრამის პოტენციურ ბენეფიციარ იურიდიულ პირებს, დაფინანსების მისაღებად სააგენტოსთვის კონკრეტული დოკუმენტაციის წარდგენა მოუწევთ, რომელიც განაცხადთან და კომპანიის რეკვიზიტებთან ერთად დასაფინანსებელი ღონისძიების მიმოხილვას, ღონისძიების მიზნობრიობასა შედეგების შეფასების კრიტერიუმებს მოიცავს, რაც წინა წელს უკვე განხორციელებული ღონისძიებას გულისხმობს. ამ დოკუმენტაციას თან უნდა ერთოდეს ღონისძიების სრული ბიუჯეტი დეტალური ხარჯთაღრიცხვით, ინფორმაცია გამოცდილების და საერთაშორისო თანადამფინანსებლის შესახებ [თუ ასეთი არსებობს]. აქვე უნდა იყოს სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაციაც.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამით დაინტერესებული პირების განაცხადების მიღება 22 აპრილს დაიწყება. როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ სააგენტო ყველა განაცხადს განიხილავს.

შერჩევის პროცესში უწყება ისეთ პოტენციურ ბენეფიციარებს მიანიჭებს უპირატესობას:

ა) რომლის თანადამფინანსებელია საერთაშორისო ორგანიზაცია;

ბ) რომელსაც ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარების მეტი გამოცდილება აქვს;

გ) რომელსაც ერთისა და იმავე ღონისძიების ჩატარების მრავალჯერადი გამოცდილება აქვს.

ამავე დადგენილებით, განსაზღვრულია რომ პროგრამის განმახორციელებელ ღვინის ეროვნულ სააგენტო უფლებამოსილია მონიტორინგი შემთხვევითობის პრინციპით მოახდინოს. „პროგრამის განმახორციელებელს მონიტორინგის ფარგლებში უფლება აქვს, განახორციელოს ადგილზე ვიზიტი და შესრულებული სამუშაოს ვიზუალური დათვალიერება ან/და დოკუმენტაციის გადამოწმება“, - აღნიშნულია დადგენილებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები