კოსმეტიკური პროდუქციის რეგულირებასთან დაკავშირებით დაანონსებულ კანონპროექტს მთავრობა გაზაფხულზე წარადგენს. საქმე ის არის, რომ პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმა, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე უნდა შესრულდეს.
გეგმაში ნათქვამია, რომ კოსმეტიკური საშუალებების რეგულირების შესახებ კანონპროექტი ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს და საგაზაფხულო სესიის ფარგლებში წარუდგინოს პარლამენტს.
„ქვეყანას არ გააჩნია კოსმეტიკურ პროდუქციასთან დაკავშირებული ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩო, რაც ასევე ასახულია ევროკომისიის სამუშაო ჯგუფის საქართველოს 2023 წლის ანგარიშშიც. კანონპროექტის შემუშავების ერთ-ერთი საფუძველია საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება ევროკავშირის რეგულაციასთან (Regulation (EC) N 1223/2009), რომელიც კანონის პროექტისა და ტექნიკური რეგლამენტის შემუშავების პროცესში სახელმძღვანელოდ იქნა გამოყენებული. ,,ტექნიკური რეგლამენტი - კოსმეტიკური პროდუქციის შესახებ" ადგენს ბაზარზე კოსმეტიკური პროდუქციის განთავსების წესებსა და ნორმებს, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.
რეგლამენტი არ ვრცელდება იმ ნივთიერებებზე ან ნარევებზე, რომლებიც განკუთვნილია ენდოგენურად მისაღებად, ინჰალაციის, ინექციის ან ადამიანის სხეულში იმპლანტაციისათვის. ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება ეკონომიკური ოპერატორების როლი და ვალდებულებები, მათ შორის მწარმოებლის, იმპორტიორის, დისტრიბუტორის და ხელშეკრულებით განსაზღვრული "პასუხისმგებელი პირის".
ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება ბაზარზე განთავსებამდე და განთავსების შემდეგ ადმინისტრირების საკითხები და მასზე პასუხისმგებელი უწყებები. აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება საჭიროებს საქართველოს კანონებში ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების შეტანას“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც პარლამენტის გვერდზე გამოქვეყნდა.