Artemis II-ის სახელით ცნობილი კოსმოსური მისია, რომელიც მიმდინარე წლის 1 აპრილს დაიწყო და ჯერაც არ დასრულებულა, ჯერჯერობით, ყველა ძირითად გამოცდას წარმატებით გადის.
მართალია, მისიის წარმატებულად გამოცხადებამდე კიდევ რამდენიმე დღე რჩება, თუმცა ხომალდის სისტემებმა, ბუსტერმა, რაკეტამ და ეკიპაჟმა უკვე იმაზე უკეთესი შედეგები აჩვენეს, ვიდრე ამას ინჟინრები ვარაუდობდნენ.
ფრენის პირველმა კვირამ დაადასტურა, რომ კაფსულა Orion-ი ხარვეზების გარეშე მუშაობს, რაც სიმულატორების პირობებში აქამდე დაუდასტურებელი რჩებოდა.
აღსანიშნავია, რომ მისიამ არა მხოლოდ ტექნიკური საიმედოობა დაადასტურა, არამედ საზოგადოებაში ოპტიმიზმის ახალი ტალღა და კოსმოსური კოლონიზაციის მიმართ ინტერესიც გააჩინა.
მიუხედავად წარმატებისა, მთავარი კითხვა კვლავ აქტუალურია: რამდენად რეალურია 2028 წლისთვის მთვარეზე ადამიანის დასმა, რასაც NASA და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიზნად ისახავენ?
დავიწყოთ ტექნიკური საკითხებით – Space Launch System-ის რაკეტამ აფრენისას 8.8 მილიონი ფუნტი წევა განავითარა და მისია კონტროლის ყველა პარამეტრს ზუსტად მოერგო. ტრაექტორია იმდენად ზუსტი აღმოჩნდა, რომ მთვარისკენ მიმავალ გზაზე დაგეგმილი კურსის სამი კორექტირებიდან ორი საჭირო აღარ გახდა. Orion-ის ძირითადმა ძრავამ თითქმის ექვსწუთიანი მუშაობით ხომალდი მთვარის ორბიტაზე გაიყვანა, რაც მისიის ხელმძღვანელობამ უნაკლო მანევრად შეაფასა.
ტექნიკურ მიღწევებთან ერთად, მნიშვნელოვანია ეკიპაჟის როლიც, რომელმაც ხომალდის შიდა სისტემები, მათ შორის ნახშირორჟანგის მოცილებისა და წყლის მიწოდების მექანიზმები, რეალურ პირობებში გამოცადა. ასტრონავტებმა მთვარის ზედაპირზე 35-მდე გეოლოგიური ობიექტი დააფიქსირეს და კოსმოსიდან მზის დაბნელებასაც დააკვირდნენ. ასევე გადაიღეს ათასობით ფოტო და ვიდეოკადრი, რომელთაც NASA დეტალურად დააკვირდება და დაამუშავებს.
მისიის კულმინაცია ჯერ კიდევ წინ არის, რადგან Orion-ი დედამიწაზე დაბრუნებას 11 აპრილს, წყნარ ოკეანეში დაშვებით გეგმავს. ყველაზე რთული ეტაპი ატმოსფეროში 40,000 კმ/სთ სიჩქარით შესვლაა, რაც ხომალდის თბურ ფარს უდიდესი გამოწვევის წინაშე აყენებს. საგულისხმოა, რომ სწორედ წინა მისიაზე დაფიქსირებულმა ფარის დაზიანებამ გამოიწვია Artemis II-ის ერთი წლით გადადება.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თუ დაშვება წარმატებით დასრულდება, მთვარეზე ადამიანის დაბრუნების ალბათობა საგრძნობლად გაიზრდება. თუმცა, 2028 წლის გეგმა კვლავ ამბიციურად მიიჩნევა და მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობს, რომ რეალური დაშვება, შესაძლოა, კიდევ სამი-ოთხი წლით გადავადდეს, რადგან წარსულში ჩატარებული მისიებისგან განსხვავებით, ამჯერად აშშ-ის მიზანი მთვარეზე არა უბრალოდ ჩასვლა, არამედ იქ კოსმოსური ბაზის მოწყობაა, რაც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ამბიციურ მიზნად შეიძლება ჩიათვალოს.




























