მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას მოიცავს „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც აქამდე არსებულ კანონს ჩაანაცვლებს?

6446aef987175
BM.GE
24.04.23 20:26
587
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა რამდენიმე კანონპროექტი განიხილა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მათ შორის არის „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტთან ერთად. აღნიშნული კანონპროექტი კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.

აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობით მომზადდა, ჩაანაცვლებს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების თაობაზე აქამდე არსებულ კანონს.

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტით ნათლადაა გაწერილი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში სახელმწიფო უწყებების ზოგადი კომპეტენცია, რაც მარეგულირებელი სისტემის ეფექტიანობასა და ქმედით ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გვექნება ახალი კანონპროექტი, რომელიც ზუსტად შეესაბამება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ დადგენილ სტანდარტებს.

„ასევე სრულდება ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი ვალდებულება, რომ მოვახდინოთ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სამართლებრივ რეჟიმთან ჰარმონიზება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

ამასთან, სხდომაზე წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილეს „სახელმწიფო ქონების შესახებ’’ კანონში ცვლილება თანმდევ კანონპროექტებთან ერთად. კანონპროექტის მიღების შედეგად შეიცვლება უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის განკარგვის წესი, რაც უფლებამოსილ ორგანოებს (ტყის მართვის სახელმწიფო ორგანოებს) შესაძლებლობას მისცემს მერქნიანი მცენარეები განკარგონ ოპერატიულად, მათი ხარისხობრივი და სასაქონლო ღირებულების დაკარგვის გარეშე.

ასევე წარდგენილი იყო „წყლის რესურსების მართვის შესახებ’’ კანონპროექტი და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. კანონპროექტი კომიტეტის სხდომაზე ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.

მისი განმარტებით, ახალი კანონით განისაზღვრება წყლის რესურსების მართვის პრინციპი, სისტემა, სტანდარტები, რის საფუძველზეც შემდგომ მოხდება შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღება და წყლის რესურსების მართვის სრული სამართლებრივი ბაზის შექმნა. კანონპროექტის მიღების შედეგად შეიქმნება წყლის რესურსების მართვის ერთიანი, საერთაშორისო მიდგომებზე დაფუძნებული, „წყლის ჩარჩო დირექტივის“ და წყლის რესურსების მართვის სფეროში მოქმედი სხვა ევროდირექტივების შესაბამისი თანამედროვე სისტემა. შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი ინსტიტუციური საფუძვლები და დაინერგება წყლის რესურსების მართვის ახალი სისტემა - მდინარეთა სააუზო მართვა.

კომიტეტმა განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები