ამერიკული საავტომობილო სექტორის გიგანტ General Motors-სა და ტექკომპანია Apple-ს შორის ახალი გარიგება დაიდო. გავრცელებულ ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში, კომპანიის მუსიკალური აპლიკაცია Apple Music-ი GM-ის ყველა ავტომობილში ჩაშენდება.
ჰოლდინგის საკუთრებაშია ისეთი ცნობილი საავტომობილო ბრენდები, როგორებიცაა Chevrolet-ი, GMC, Cadilac-ი და Buick-ი. აღსანიშნავია, რომ General Motors-ი ავტომობილების პროგრამული შესაძლებლობების განვითარებას ბოლო თვეებია აქტიურად ცდილობს და აფორმებს პარტნიორობებს, რომლებიც მის პროდუქტებს მომხმარებლებისთვის მეტად მიმზიდველს გახდის.
არსებული ინფორმაციით, Apple Music-ის აპლიკაცია მომავალი წლიდან გამოშვებულ ყველა ავტომობილში ჩაშენდება და ტრანსპორტის მფლობელებს Bluetooth-ითა თუ ე.წ. მირორინგის გზით ტელეფონებში ჩამოწერილი აპლიკაციის მანქანასთან მიერთება აღარ დასჭირდებათ. აქვე უნდა განიმარტოს, რომ Apple-ის მომხმარებლებს სერვისის მიღებისთვის დამატებითი თანხის გადახდა არ მოუწევთ და არსებული ანგარიშის ავტომობილში გააქტიურება მარტივად შეეძლებათ.
ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ General Motors-მა ახალი თაობის ელექტრომობილებიდან Apple-ის CarPlay-სა და Android Auto-ს სისტემების გაქრობა დააანონსა, რასაც მომხმარებლების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ანალიტიკოსები აცხადებდნენ, რომ GM-ის მიერ შექმნილი ის პროგრამა, რომლის ჩაშენებას კომპანია გეგმავდა, ვერ გაუწევდა კონკურენციას არსებულ მოდელებს. სავარაუდოდ, სწორედ საზოგადოებისა და კრიტიკოსების შეფასებებმა განაპირობა ის, რომ Gneral Motors-მა თავისი მიდგომა შეამსუბუქა და Apple-ის მუსიკალური აპლიკაციის ავტომობილებში ჩაშენებას დათანხმდა.




























