ბათუმში $300 მლნ-ის ინვესტიციით ORBI Continental-ის მშენებლობა იწყება. მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიება დღეს გაიმართა.
მშენებლობა ბათუმის ბულვარში, ზღვის სანაპიროზე, ზღვიდან 50 მეტრში მიმდინარეობს. კომპლექსი შედგება ორი სხვადასხვა სიმაღლის ცათამბჯენისგან — 55 და 37-სართულიანი თაუერებისგან, რომლებიც ერთმანეთთან ერთიანი, მრავალფუნქციური პლატფორმით არიან დაკავშირებული.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 300 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

საერთო სამშენებლო ფართობი შეადგენს 160,000 მ²-ს და მოიცავს 2300 სასტუმრო ნომერსა და ლუქს-კლასის აპარტამენტს. პროექტის ცენტრალურ ნაწილში განთავსდება მაღალი კლასის, 5-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის 200-ნომრიანი სასტუმრო. პირველი შვიდი სართული დაეთმობა მრავალფუნქციურ ინფრასტრუქტურას, ორი ზედა სართული — პენტჰაუსებს, ხოლო დანარჩენ სართულებზე განთავსდება მაღალი კლასის, სრულად აღჭურვილი აპარტამენტები.

კომპლექსის ინტეგრირებული ინფრასტრუქტურა მოიცავს:გლობალური ქსელების რესტორნებს, რეგიონში ერთ-ერთ უმსხვილეს კაზინოს, სავაჭრო ცენტრს, სპა-კომპლექსსა და ველნეს-ზონებს, თანამედროვე ივენთ სივრცეებსა და საკონფერენციო დარბაზებს.
მშენებლობის პროცესში დასაქმდება 1500 ადამიანი, ხოლო კომპლექსის ოპერირების დაწყებისთანავე შეიქმნება 2000-ზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი, რაც ORBI Continental-ს ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში.

კომპლექსის არქიტექტურა, კონსტრუქციული გადაწყვეტა და დიზაინი გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებითა და მსოფლიო დონის სტანდარტებით, რაც მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ბათუმის ურბანულ იერსახეს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ თავისი მასშტაბებითა და კონცეფციით ORBI Continental წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო კომპლექსს რეგიონში და ქმნის ახალ ეკონომიკურ და ტურისტულ ცენტრს ბათუმში.




























