საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იაგოდა ლაზარევიჩმა საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომის ოქმს მოაწერეს ხელი.
ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართა. სხდომის მიმდინარეობისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული სფეროები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები არაერთი სექტორული მიმართულებით.
"კომისიის სხდომის ოქმის თანახმად, განისაზღვრა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის - ვაჭრობა, ეკონომიკა და ინვესტიციები, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, სამოქალაქო ავიაცია, ენერგეტიკა, ტურიზმი, ასევე ინოვაციები და ტექნოლოგიები", - ნათქვამია პრესრელიზში.
მარიამ ქვრივიშვილმა სერბ კოლეგას საქართველოს ეკონომიკური განვითარების და ზრდის დინამიკა გააცნო, ასევე მიმდინარე მსხვილი სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი წარიმართა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (FTA) მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, მოლაპარაკებების დაწყების დაჩქარება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოსა და სერბეთს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაძლიერების პროცესში.




























