ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია, რომელზედაც საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვის 21% მოდის. თუმცა თანხის გარდა, ევროკავშირის ბაზარი საქართველოსთვის და ქართველი მწარმოებლებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკურად, ანუ სტრატეგიულად, ასევე ხარისხის გაუმჯობესების კუთხით.
რა გავლენას მოახდენს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საქართველოზე და ქართულ ბიზნესზე? - ამ კითხვას “საქმიან საღამოში” შინაური ცხოველების ავეჯისა და საკვების მწარმოებელი კომპანიის, GEORGIAN PRODUCTS-ის დამფუძნებელმა, დავით ბარდაველიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება ხელს შეუწყობს, როგორც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებას, ასევე ქვეყანაში უცხოური კაპიტალის შემოდინებას.
“მას შემდეგ, რაც ქვეყანა მოლაპარაკებებში ერთვება და საკანონმდებლო და სხვა კრიტერიუმების შესრულებას იწყებს, ქვეყნის რეიტინგი იზრდება. ახლა, საქართველოს BB რეიტინგი აქვს, მაგრამ დროთა განმავლობაში საინვესტიციო BBB რეიტინგი მოგვენიჭება, რაც ნიშნავს, რომ ყველა სერიოზულ კომპანიას და საინვესტიციო ჯგუფს საქართველოში შემოსვლა მოუნდება.
ჩვენი ჯგუფი, მაგალითად, ამ სიახლეების ფონზე, ბევრ პროექტზე მუშაობს მწვანე ენერგეტიკაში და ჯამში, საუბარია 150 მილიონის ინვესტიციაზე, მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორები ამბობდნენ, რომ საქართველოში საშიში მდგომარეობა და ომის რისკი არსებობს.
ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ძალიან დიდ პერსპექტივებს ხსნის სხვადასხვა სფეროში და არამარტო ტურიზმის მიმართულებით. შეიძლება დაგვიდგეს ის მომენტი, რომელიც უკვე დგას, რომ იმდენი პროექტი და თანხები იყოს ასათვისებელი რომ მუშახელი არ გვყოფნიდეს - ეს არის კარგი გამოწვევები.
ჩვენ, რა თქმა უნდა, სამოთხეში არ შევდივართ, მაგრამ შევდივართ ბიზნეს საზოგადოებაში რომელიც კეთილგანწყობილია ჩვენ მიმართ და იქ უნდა მოვიქცეთ სასარგებლოდ, თუმცა ეს მდგომარეობა დგება მაშინ, როცა სხვაზე ფიქრობ და თუ ეს ასე იქნება, ჩვენი ზომის ქვეყანა ძალიან წარმატებული იქნება”, - განაცხადა დავით ბარდაველიძემ “საქმიან საღამოში”.
შეგახსენებთ, რომ GEORGIAN PRODUCTS-ი იმ წამყვან ათ ქართულ კომპანიას შორისაა, რომელმაც 2022 წელს საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ყველაზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიტანა ექსპორტზე.