მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას მოუტანს ქვეყანას აგენტის იარლიყის დამკვიდრება? - ქეთევან ჩაჩავას განმარტება

6402f5dae8ae5
ალა ისპირიანი
04.03.23 11:25
986
„ხალხის ძალის“ დეპუტატების ინიცირებული „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტი, პარლამენტის ორმა კომიტეტმა საერთაშორისო პარტნიორების, ადგილობრივი ორგანიზაციების, პოლიტიკოსებისა და ბიზნესის კრიტიკული პოზიციების მიუხედავად ორ მარტს მაინც მიიღო. ამ გადაწყვეტილების შემდეგ აქტუალური გახდა საკითხი, რას მოუტანს საქართველოს აღნიშნული ცვლილებები.

"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა და ორგანიზაციის „მსოფლიო მოძრაობა დემოკრატიისთვის“ აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა, ქეთევან ჩაჩავამ საკითხზე BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, - რამდენად შეიძლება მმართველ ძალას სითავხედე ეყოს, რომ ეს გადაწყვეტილებები შემოგვასაღოს, როგორც ფართო მოსახლეობის სურვილი და ინტერესი? - მათ უპასუხა, რომ „ეს უსინდისო პროპაგანდაა“.

„დღეს მიდის აპელირება, თითოს ეს კანონი ძალიან მცირე ჯგუფს ეხება და ამიტომ არიან ისინი ხმაურიანები. თითქოს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, მედიას. რატომ აწუხებთ თუ ეს მართლა მათი პრობლემა არ არის და რაიმე დასამალი არა აქვთ. ეს არის უსინდისო პროპაგანდა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან და სწორედ ის ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში გამჭვირვალობისთვის ვიბრძვით ქვეყანაში, რომ მეტი ღიაობა იყოს, როგორც სახელისუფლებო დაფინანსების ისე საერთაშორისო დახმარების გამჭვირვალობის, თუ რაში იხარჯება, როგორ მიდის მოქალაქეებამდე.

ჩვენმა მოქალაქეებმა, რომ გაიგონ ეს არ ეხება 10, 20 ან 500 ორგანიზაციას, ეს თითოეულ მოქალაქეს ეხება. ყველას ვისაც უნდა ევროპული ტიპის სახელმწიფოში იცხოვროს, სადაც დემოკრატიაა და ადამიანის უფლებები მთავარია ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება ეს კანონი. ამან გამოიწვია აღშფოთება ყველასი ვინც ცდილობს თავისი აგური დადოს ჩვენი ქვეყნის წინსვლისკენ, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის კიდევ უფრო გამყარებისა და გაძლიერებისკენ, ჩვენი თავისუფლებისთვის“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, პროექტები სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ 2 მარტს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

პირველი კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული. ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.

ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით გამოიწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები