მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას მოუტანს საქართველოს ერთიან ევრო გადახდის სივრცეში გაწევრიანება? - ბოჭორიშვილის განმარტება

6316239f3536f
BM.GE
05.09.22 20:35
2037
საქართველოს პარლამენტი ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივებს დაჩქარებული წესით განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ინფორმაციაში მოცემულია რიგი საკანონმდებლო პაკეტები, რომელთა შემუშავება და დაჩქარებული წესით განხილვა SEPA-ში საქართველოს გაწევრიანებისათვის საჭირო კრიტერიუმის შესრულების აუცილებლობითაა განპირობებული.

"მიმდინარე კვირას საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტები წარედგინა: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, თანმდევ პროექტებთან ერთად. საკანონმდებლო პაკეტების შემუშავება და მისი დაჩქარებული წესით განხილვა განპირობებულია ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებისათვის საჭირო კრიტერიუმის და ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების დროულად შესრულების აუცილებლობით", - წერია ინფორმაციაში.

რაც შეეხება საკითხს, თუ რას მოუტანს საქართველოს ერთიან ევრო გადახდის სივრცეში გაწევრიანება? - მაკა ბოჭორიშვილის თქმით, SEPA-ში გაწევრება სარგებლის მომტანი მრავალი მიმართულებით იქნება.

"საქართველოს საბანკო სექტორს საერთაშორისო არენაზე მეტ სანდოობას შესძენს, ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან სავაჭრო ურთიერთობებს გაამარტივებს, საქართველოს მოქალაქეები გამარტივებული მომსახურებით ისარგებლებენ, რაც მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.

მათივე ინფორმაციით, საქართველო SEPA-ში გაწევრიანების კრიტერიუმებს დიდწილად უკვე აკმაყოფილებს.

"ერთიანი ევრო გადაიხდის სივრცეში საქართველოს გაწევრების საკითხზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, 2021 წლის 26 მარტს საქართველოს პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. საკითხის საფუძვლიანი შესწავლის შედეგად, გამოიკვეთა, რომ საქართველო დიდწილად უკვე აკმაყოფილებს SEPA-ში გაწევრიანების კრიტერიუმებს და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, საჭირო სამართლებრივი წინაპირობების დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანი სამუშაოა შესრულებული.

ინფორმაციისთვის: საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრებისთვის გადასადგმელი ნაბიჯების თაობაზე“ რეკომენდაციები
2022 წლის 29 აპრილს დაამტკიცა. რეკომენდაციების საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტს ის საკანონმდებლო ინიციატივები წარუდგინა, რაც საქართველოს SEPA-ში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებისთვის არის საჭირო. საკანონმდებლო პაკეტებს საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, იურიდიულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტები განიხილავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები