მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას ნიშნავს ქართული კომპანიის ლონდონის საფონდო ბირჟის უმსხვილესი კომპანიების ასეულში მოხვედრა

საქართველსო ბანკი

2026 წლის მარტიდან ლონდონის საფონდო ბირჟის უმთავრეს - FTSE 100-ის ინდექსს ქართული Lion Finance Group PLC დაემატა, რომელიც “საქართველოს ბანკის” მფლობელი ჰოლდინგური კომპანიაა. ამ მაჩვენებლით Lion Finance-ი პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც ბირჟის უმსხვილეს ასეულში შევიდა.

ამჟამად ლონდონის საფონდო ბირჟაზე სულ სამი ქართული კომპანია არის დალისტული, ესენია Lion Finance Group PLC, TBC Group PLC და Georgia Capital PLC-ი, აქამდე როგორც Lion Finance-ი, ასევე TBC Group PLC საფონდო ბირჟის FTSE 250-ის ინდექსში შედიოდა, რაც პირველი ასეულის შემდეგ უმსხვილეს 250 კომპანიას მოიცავს, 2026 წლის მარტიდან კი Lion Finance-მა მთავარ - FTSE 100-ის ინდექსში გადაინაცვლა.

ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკაში უკვე შექმნილია ისეთი კომპანია, რომელიც ევროპის უმსხვილესი ბირჟის - ლონდონის საფონდო ბირჟის პირველ ასეულში შედის. მთლიანობაში ლონდონის საფონდო ბირჟის კაპიტალიზაცია 4.1 ტრილიონ დოლარს შეადგენს, საიდანაც ნახევარზე მეტი - 2.4 ტრილიონ დოლარზე მეტი სწორედ ბირჟის მთავარ ასეულზე - FTSE 100-ის ინდექსზე მოდის.

FTSE 100-ის ინდექსში შემავალი კომპანიების სიის განახლება კვარტალურად, კომპანიების შედეგების შესაბამისად ხდება. Lion Finance Group-ის FTSE 100-ის ინდექსში შესვლა განაპირობა ბირჟაზე კომპანიის აქციების ღირებულების მნიშვნელოვანმა მატებამ. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში აქციების ღირებულება 114%-ით გაიზარდა და 110 გირვანქა სტერლინგს მიაღწია, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ კი 5.6 მილიარდ გირვანქა სტერლინგს გადააჭარბა. ამ მაჩვენებლით Lion Finance Group-მა მიაღწია იმ პარამეტრებს, რომლითაც ის FTSE 100-ის ინდექსის შემადგენლობის უკანასკნელი გადახედვის შედეგად, საფონდო ბირჟის უმსხვილეს ასეულში შევიდა.

რა არის FTSE 100-ის ინდექსი და რატომ არის მასში შესვლა მნიშვნელოვანი მიღწევა

FTSE 100-ის ინდექსის შემადგენლობაში ფიგურირებენ გლობალური ლიდერები ისეთი სექტორებიდან, როგორიცაა საბანკო-საფინანსო სექტორი (HSBC Holdings, Barclays), ენერგეტიკა (Shell, BP) ფარმაცევტიკა (AstraZeneca, GSK), გარდა ამისა, ინდექსში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს სამთო-მოპოვებით ინდუსტრიას (Rio Tinto, Glencore), სამომხმარებლო საქონლის წარმოებას (Unilever, Reckitt), სატელეკომუნიკაციო სფეროს (Vodafone Group) და სადაზღვევო სექტორს (Prudential, Legal & General), რითეილის სექტორს კი ისეთი კომპანიები წარმოადგენენ, როგორიცაა Burberry Group და Next. სექტორული მრავალფეროვნება და კომპანიების საერთაშორისო მასშტაბები განაპირობებს იმას, რომ FTSE 100-ის შემოსავლების უდიდესი ნაწილი გენერირდება გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ, რაც ინდექსს გლობალური ეკონომიკური ციკლების მიმართ მგრძნობიარეს ხდის.

FTSE 100-ის ინდექსში შესვლა კომპანიებისთვის უდიდესი მიღწევაა და ის მაღალ ნდობას და რეპუტაციას უსვამს ხაზს. ამასთან, ინდექსის მსხვილი ინვესტორები არიან გლობალური საპენსიო ფონდები და სახელმწიფო სუვერენული ფონდები (Sovereign Wealth Funds). მაგალითისთვის, ნორვეგიის სახელმწიფო საპენსიო ფონდი (Norges Bank Investment Management), რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სუვერენული ფონდია, ტრადიციულად ფლობს FTSE 100-ის კომპანიების აქციების მნიშვნელოვან წილს. ასეთი ტიპის ინვესტორები ორიენტირებულნი არიან გრძელვადიან სტაბილურობასა და დივიდენდურ ამონაგებზე, რაც FTSE 100-ის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია.

ინსტიტუციური ფონდების, მათ შორის ამერიკული საინვესტიციო გიგანტების (BlackRock, Vanguard), აქტიური მონაწილეობა ინდექსის მაღალი ლიკვიდურობის გარანტიაა. როდესაც ინდექსის შემადგენლობაში არსებული კომპანიების სიის განახლება ხდება, გლობალური საინვესტიციო ფონდები ახლოს ადევნებენ თვალს მიმდინარე პროცესებს და საკუთარ კაპიტალს ახალ კომპანიებში აბანდებენ. ინსტიტუციური კაპიტალის მაღალი კონცენტრაცია მიუთითებს იმაზე, რომ FTSE 100 განიხილება როგორც საიმედო პლატფორმა დიდი მოცულობის აქტივების განსათავსებლად, სადაც კორპორატიული მართვის სტანდარტები და ფინანსური გამჭვირვალობა საერთაშორისო მოთხოვნებს შეესაბამება.

ინდექსის მიმზიდველობა საერთაშორისო ფონდებისთვის ასევე განპირობებულია ბრიტანული სამართლებრივი გარემოთი და ლონდონის, როგორც ფინანსური ცენტრის, სტატუსით.

ქართული კომპანიების გზა ლონდონის საფონდო ბირჟაზე

  • 2006 საქართველოს ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციები განათავსა, რაც პირველი საერთაშორისო განთავსება (IPO) იყო საქართველოდან, რასაც პირველი ევრობონდი და საერთაშორისო პარტნიორობები მოჰყვა;
  • 2012 საქართველოს ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში გადაინაცვლა. FTSE 250 ინდექსის შემადგენლობაშიც შევიდა 250 უმსხვილეს კომპანიას შორის.
  • 2014 წლის ივნისში TBC Bank PLC გახდა მეორე კომპანია საქართველოდან, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსდა. ბანკის აქციები FTSE 250-ის ინდექსში შედის.
  • 2018 წელს მოხდა საქართველოს ბანკის ჯგუფის დემერჯერი და BGEO-ს გამოეყო საქართველოს კაპიტალი (CGEO).
  • 2025 წლის 6 თებერვალს, AmeriaBank-ის შესყიდვის გარიგების დასრულების შემდეგ, Bank of Georgia Group PLC-იმ სახელი შეიცვალა და მას Lion Finance Group PLC ეწოდება.
  • 2026 Lion Finance PLC FTSE 100 ინდექსის შემადგენლობაშია , პირველი ქართული კომპანია 100 უმსხვილეს კომპანიას შორის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები