მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ნიშნავს საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული თანამშრომლობა?

საქართველო - ჩინეთი - დროშები
BM.GE
01.08.23 00:48
229

ჩინეთისა და საქართველოს მთავრობების ერთობლივი განცხადებით ირკვევა, რომ ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს, მხარეებმა გადაწყვიტეს, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხში აიყვანონ. განცხადების თანახმად, მხარეები იზიარებენ, რომ ორმხრივი თანამშრომლობა ნაყოფიერია სხვადასხვა მიმართულებით, ხოლო საერთაშორისო და რეგიონალური ვითარების ინტენსიური და კომპლექსური განვითარების ფონზე, მხარეები იზიარებენ ვალდებულებას გააფართოონ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში.

საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული შეთანხმება ოთხ განზომილებას გულისხმობს, ესენია: პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა და საერთაშორისო ურთიერთობები. გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, რომელზედაც გასულ წლის მონაცემებით სავაჭრო ბრუნვის თითქმის 10% მოდის, მიმოხილვა სწორედ ეკონომიკური თანამშრომლობით დავიწყოთ.

პირველი დეტალი, რომელსაც ამ მიმართულებით ვხვდებით „სარტყლისა და გზის” ინიციატივაში საქართველოს ჩართვას ეხება. ეს ინიციატივა, რომელიც ჩინეთმა 2013 წელს დაიწყო, ჩინეთის კომუნისტური პარტიის და ქვეყნის ერთპიროვნული მმართველის, სი ძინპინის ფლაგმან პროექტად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელიც მასში ჩართულ ქვეყნებს ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებით ეკონომიკური ზრდის დაჩქარების შესაძლებლობას აძლევს. დღეს, ამ მიმართულებით ურთიერთგაგების მემორანდუმი ჩინეთთან მსოფლიოს 146 ქვეყანას აქვს გაფორმებული, მაგრამ სიაში ვერ ვხვდებით საქართველოს კიდევ ერთ სტრატეგიულ პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც ჩინეთის ამ ინიციატივას ეწინააღმდეგება, რის გამოც, 2021 წელს, ქვეყანამ, G7-ის სხვა სახელმწიფოებთან ერთად, „სარტყლისა და გზის” ინიციატივის საკუთარი ვერსია შექმნა.

დღეს, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიულ დონემდე განვითარებას გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი, რომელმაც აღნიშნა, რომ სხვა ქვეყანასთან პარტნიორობის დაწყება საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამერიკა ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან მოკავშირედ დარჩება.

“სტრატეგიული პარტნიორობის საკითხი და როგორი ურთიერთობის დამყარება სურს საქართველოს ჩინეთთან, ეს საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია. მას შემდეგ, რაც ქვეყნებმა რამდენიმე წლის განმავლობაში დაინახეს, რომ ეს ინიციატივა არ არის ისეთი სასარგებლო სხვა ქვეყნებისთვის, ბევრი მათგანი “სარტყლისა და გზის” ინიციატივაზე უარს ამბობს. თუ საქართველოს სურს ამ ინიციატივას მხარი დაუჭიროს, იმედი მაქვს, ეს კარგ შედეგებს მოიტანს. როგორც ჩანს, ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო საქართველოსთვის და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საქართველოს გადასაწყვეტია, თუ ვისთან დაიწყებს პარტნიორობას. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მძლავრ მოკავშირედ დარჩება, როგორც ეს გასული ოცდაათი წლის განმავლობაში იყო. ვფიქრობ, ეს ისტორია დადებითად და ნათლად ასახავს, თუ რა შედეგები გამოიღო ჩვენი ორი ქვეყნის თანამშრომლობამ”, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

როგორც საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული დოკუმენტიდან ვიგებთ, საქართველო მიესალმება „სარტყლისა და გზის” ინიციატივას, რის გამოც, ამ მხრივ, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გაღრმავდება, როგორც დარგობრივი პოლიტიკის სფეროში, ასევე სხვა მიმართულებით. ამასთან, დოკუმენტში ვკითხულობთ იმასაც, რომ ჩინეთი შეისწავლის საქართველოს მიერ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად პრეფერენციული დაკრედიტების საკითხს. სწორედ დაკრედიტება არის ის რისკი, რომელსაც, როგორც წესი, დასავლეთის ცივილიზებული სახელმწიფოები „სარტყლისა და გზის” ინიციატივაში ხედავენ, რადგან არსებობს მოსაზრება, რომ სხვადასხვა ქვეყანაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის გრძელვადიანი ფლობით, ჩინეთი საკუთარ პოლიტიკურ ძალაუფლებას და გავლენას ზრდის.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ, რომლის ამოქმედების შემდეგ, 2022 წლის ჩათვლით, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა კუმულაციურად თითქმის 100%-ით გაიზარდა, ანუ ფაქტობრივად გაორმაგდა. საქართველო და ჩინეთი ამ მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებას აანონსებენ, რაც გულისხმობს, როგორც სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობას, ასევე სხვადასხვა სფეროში უფრო ყოვლისმომცველ თანამშრომლობას.

ეკონომიკიდან საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების პოლიტიკურ ჭრილში გადავიდეთ, რომელიც, ამ მხრივ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან ჩინეთი მსოფლიოს რიგით მეორე უმსხვილესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოა, რომელსაც, რბილად რომ ვთქვათ, განსხვავებული მიდგომა აქვს გლობალური წესრიგის მიმართულებით, ვიდრე, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც საქართველოსთვის ასევე სტრატეგიული პარტნიორია.

როგორც დოკუმენტიდან ვიგებთ, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის სტრატეგიულ დონეზე გადაყვანის აუცილებლობა არსებულმა საერთაშორისო მდგომარეობამ და ეკონომიკურმა გლობალიზაციამ გააჩინა. ამ ფრაზას თუ ვთარგმნით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საუბარი ეხება რუსეთის შესუსტებას და ჩინეთის მზარდ დომინაციას, რაც ვლადიმირ პუტინისა და სი ძინპინის ბოლო შეხვედრაზეც დადასტურდა.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს სწამს, რომ ჩინეთის მოდერნიზაცია ახალ გზას და ახალ არჩევანს სთავაზობს კაცობრიობას მოდერნიზაციის მისაღწევად. კონკრეტულად რას გულისხმობს ეს დებულება ნათელი არ არის,  მაგრამ ჩანს, რომ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ ორ მხარეს შორის პოლიტიკური კავშირი გაღრმავდება, როგორც მაღალ პოლიტიკურ, ასევე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე. ამასთან, მხარეები ხაზს უსვამენ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.

კულტურული თანამშრომლობის მხრივ, მხარეები მრავალმხრივ თანამშრომლობას აანონსებენ, რაც გულისხმობს, როგორც ტურიზმის წახალისებას, ასევე კინემატოგრაფიის, პრესის და საჯარო დიპლომატიის სფეროებში ურთიერთობების გაძლიერებას. დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ პარტნიორობის შესახებ მეცნიერების და უმაღლესი განათლების სფეროში, ხოლო ეს უკანასკნელი პროფესორ-მასწავლებლების გადამზადებას, სტუდენტურ გაცვლით პროგრამებს და გულისხმობს. ამასთან, დოკუმენტში წერია ისიც, რომ მხარეები ორივე ქვეყნის სკოლებში ჩინური და ქართული ენების შესწავლას წაახალისებენ.

მსგავსი მდგომარეობაა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებითაც, რადგან, როგორც ამ შეთანხმებით ჩანს, საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შემოთავაზებული გლობალური განვითარების, გლობალური უსაფრთხოებისა და გლობალური ცივილიზაციის ინიციატივებს. კონკრეტულად რას გულისხმობს ეს დებულება და რა პოზიციას დაიჭერს საქართველო იმ შემთხვევაში, როცა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ამერიკისა და ჩინეთის შეხედულებები ერთმანეთს არ დაემთხვევა, ჯერ უცნობია და რეალურად, მთავარი წყალგამყოფი ხაზი ალბათ სწორედ ეს იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები