მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას პასუხობს აჭარის მთავრობა სასტუმროებს, რომელთაც საბანკო სესხები აქვთ

5d4827d3ef950
ლიკა გურაბანიძე
05.08.19 18:20
576
ტურისტული ობიექტის მფლობელები საბანკო შეღავათებს ითხოვენ. საპროტესტო აქცია გასული კვირის ბოლოს ქობულეთში გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ტურისტულ სეზონს ჩავარდნილი უწოდეს და კომერციულ ბანკებსა და მთავრობას სესხების პროცენტის გადახდაში დახმარება სთხოვეს.

"კარგად გვესმის, რომ ბანკის ფულს არავინ გვაპატიებს, მაგრამ პრობლემის მოგვარებას ერთი წლით ვითხოვთ. ან პროცენტის თანადაფინანსებას, ან შემდეგ წლებზე გადანაწილებას, იმიტომ რომ სეზონი ჩავარდა", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

როგორც აღნიშნულ თემაზე BM.GE-ს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, იმ კონკრეტული პრობლემების შედეგების დათვლა, რომელიც მცირე ბიზნესს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შეექმნა, სეზონის დასრულების შემდგომ იქნება შესაძლებელი.

"დაგეგმილია ზაფხულის ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ კონკრეტული მიმართულებების გამოკვეთა, რაც აღნიშნული საკითხის გადაჭრას უზრუნველყოფს და ტურისტულ სეგმენტში სრული სურათი გამოიკვეთება, მათ შორის, რა სახის პრობლემებია საბანკო საკითხებთან დაკავშირებით", - აღნიშნეს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 16 ივლისს ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობამ მცირე საოჯახო სასტუმროებისთვის დახმარების კონკრეტული გეგმა შეიმუშავა.

"მთავარი პრობლემა წარმოჩინდა ფინანსური ვალდებულებები, სესხები, ბიზნეს-სესხები, იპოთეკური სესხები, რომელიც განსაკუთრებით აწევს მცირე სასტუმროებს. აქედან გამომდინარე, პირველი და მთავარი, რაც იქნა შეთავაზებული, ეს არის მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის სესხის პროცენტის თანადაფინანსება. ერთ-ერთი მექანიზმი, რაც აქ იქნება გამოყენებული, ეს არის პროგრამა "აწარმოე საქართველოში".  

საკრედიტო-საგარანტიო სქემა მთლიანად იქნება ორინეტირებული ამ ტიპის ბიზნესებზე და დამატებით უზრუნველყოფას შესთავაზებს ბანკებს იმისთვის, რომ არამხოლოდ არ გაჩერდეს არსებული ბიზნესები, არამედ გაფართოვდეს და პერსპექტიული მიმართულებებიც დაფინანსდეს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის: მთავრობის ინიციატივით, საკრედიტო-საგარანტიო სქემა "აწარმოე საქართველოში" სააგენტოს ქვეშ ამოქმედდება. ის განახორციელებს სქემის ადმინისტრირებას/ოპერირებას. 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 20 მლნ ლარი საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველყოფისთვის. 

ამ დროისთვის, საქართველოს 12 უმსხვილესი კომერციული ბანკი საკრედიტო-საგარანტიო სქემაში უკვე ჩაერთო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები