მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას პასუხობს დავითაშვილის უწყება "ბლაუენშტაინ საქართველოს" პროექტში ჩართულ ფერმერებს

5c2a17ddc9204
თელარა გელანტია
31.12.18 17:22
1150
რამდენიმე დღის წინ bm.ge-მ კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველოს“ დირექტორის თათია არაბიძის ინტერვიუზე დაყრდნობით, მოამზადა მასალა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ,,ბლაუენშტაინ საქართველომ“ რაჭაში ფერმერების დახმარების პროექტი დახურა. „დავასკვენით, რომ ეს ხალხი არ არიან ქმედითუნარიანი ფერმერები“ - აცხადებდა თათია არაბიძე, რომლის ინფორმაციითვე, ამ პროექტის გამო, კომპანიამ 1,8 მილიონი ლარი იზარალა.

მოგვიანებით, bm.ge პროექტში ჩართულ ფერმერებსაც ესაუბრა. მათ ნაწილს კომპანიის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, მაგრამ ირწმუნებიან, პროექტის წარუმატებლობა რამდენიმე მიზეზმა განაპირობა; ძირითად მიზეზებს შორის კი, სათიბი ტექნიკისა და სათიბამდე მისასვლელი გზების არარსებობას ასახელებენ და ხელს სახელმწიფოსკენ იშვერენ.

კომენტარისთვის bm.ge გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც დაუკავშირდა და მათ პოზიციას უცვლელად გთავაზობთ:

„სახელმწიფოს მიზანია, ყველა მხარდამჭერი ღონისძიებით შექმნას ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას.

ჩვენ ხელს ვუწყობთ მეწარმეებსა და ფერმერებს გაძლიერებაში; მათთვის შესაძლებელი გავხადეთ წვდომა იაფ ფინანსურ რესურსზე, თანამედროვე ცოდნასა და ტექნოლოგიებზე, საერთაშორისო სტანდარტებზე.

კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“ პროექტს „პარტნიორი ფერმერები“ სახელწიფოს აქტიური მხარდაჭერით 2012 წლიდან ახორციელებს. პროექტის მიზანი მაღალპროდუქტიული პირუტყვის რაოდენობის გაზრდის გზით, რაჭაში ფერმერების გაძლიერებაა.

პროექტი ეკონომიკის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და „საქართელოს ბანკის“ მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება.
რაჭაში ფერმების ასაშენებლად, ფერმერებმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ისარგებლეს.
პროექტში ჩართულია შპს „მექანიზატორიც“, რომელიც პარტნიორ ფერმერებს შეღავათიან ტარიფებს და მომსახურების გამარტივებული პირობებს სთავაზობს.
პროექტის ფარგლებში გვყავს სამი წარმატებული ფერმერი.

სახელმწიფოსთვის მაღალმთიანი რეგიონების განვითრების ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ შეიქმნა „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამა, რომელიც 2017 წლიდან წარმატებით ხორციელდება.

პროექტის მიზანია, მაღალმთიან რეგიონებში სათიბ-საძოვრების რაციონალურად ათვისება და მესაქონლეობის დარგის განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების გზით. პროგრამაში ქვეყნის მასშტაბით, 39 კოოპერატივია ჩართული.

პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს 25-წლიანი იჯარით გადაეცემათ სათიბ-საძოვრები და საქონლის საკვებწარმოებისათვის თანადაფინანსებით ტრაქტორები გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.

აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს 2019 წელს დმანისის, წალკის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში რძის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების აშენებას და აღჭურვას (თითოეული საწარმო დღიურად 10 ტონა რძის გადამუშავებას შეძლებს).

პროგრამის ფარგლებში, რძის საწარმოს მშენებლობა უახლოეს პერიოდში დასრულდება დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აშენებული ოთხივე საწარმო პირდაპირი მიყიდვის წესით, შეღავათიან ფასად გადაეცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს.

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენება“ კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათთვის კეთილდღეობის შექმნას შეუწყობს ხელს.

2019 წლიდან სახელმწიფო მაღალმთიანი რეგიონებისთვის სხვა მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებასაც გეგმავს“, - ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები