საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მისი მეუღლე, ნატალია მოწონელიძე, რომელიც ამჟამად მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სსიპ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარეა, თანამდებობას დატოვებს.
კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი მეუღლის აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნის შემთხვევაში არავითარი ინტერესთა კონფლიქტი არ იქნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნატალია მოწონელიძე თანამდებობას დატოვებს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, დატოვებს თუ არა მისი მეუღლე თანამდებობას, კობახიძემ უპასუხა "რა თქმა უნდა".
"არავითარი ინტერესთა კონფლიქტი არ იქნება. კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამის ზომებს. თუმცა რომც არ ითვალისწინებდეს, მაინც გამოირიცხებოდა ყველანაირი ფორმალური თუ არაფორმალური ინტერესთა კონფლიქტი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
გარდა სააგენტოს თავმჯდომარეობისა, ირაკლი კობახიძის დეკლარაციის თანახმად, ნატალია მოწონელიძე თსუ-შიც ასწავლის.
პრემიერობის კანდიდატმა დეკლარაცია ბოლოს 31 იანვარს შეავსო. ირაკლი კობახიძის დეკლარაციის თანახმად, გასული წლის განმავლობაში მოწონელიძემ ირაკლი კობახიძეზე მაღალი - 85,377 ლარის ანაზღაურება მიიღო. რაც შეეხება თსუ-ს ანაზღაურებას, ნატალია მოწონელიძემ გასული წლის განმავლობაში 11,472 ლარის შემოსავალი მიიღო.
ირაკლი კობახიძის სახელფასო სარგო კი, 2023 წელს პარლამენტში 61,168 ლარი იყო, ხოლო თსუ-ში 13 989 ლარი.