საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია Orbi Group-ისა და Block Group-ის საერთაშორისო პარტნიორთა შორისაა ამერიკული კომპანია Advent Allen International-ი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთი მსხვილი კერძო საინვესტიციო ფონდია. კომპანიების ხელმძღვანელები 2025 წლის დეკემბერში ვაშინგტონში შეხვდნენ და სამომავლო გეგმების შესახებ იმსჯელეს. ამასთან, ისინი თეთრ სახლში გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრნენ.
კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი საზეიმო გალა მიღებაზე აშშ-ის ადმინისტრაციის უმაღლეს წარმომადგენლებთან და ბიზნესლიდერებთან ერთად იმყოფებოდნენ. მიღებას ასევე ესწრებოდა ბილ ალენი, რომელიც Advent Allen International-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელია.
Advent Allen International-ი Orbi-ს და Block Group-თან პარტნიორობით როგორც საქართველოში ასევე აშშ-ში უძრავი ქონებისა და სტუმარმასპინძლობის მიმართულებით მსხვილი პროექტების განხორციელებას გეგმავს.
“ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ, კვერღელიძე და ჯანაშვილი შეუერთდნენ ადვენტს და მის პარტნიორს, ლოს-ანჯელესისა და ლას-ვეგასის სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ლეგენდას, ბილ ალენს, წინასწარ დაგეგმილ ბიზნეს შეხვედრებზე. Advent Allen International-ი, Orbi Group-თან და Block Group-თან პარტნიორობით, ლას-ვეგასში მასშტაბური ინტეგრირებული კურორტისა და კაზინოს პროექტის დასაანონსებლად ემზადება და აქტიურად განიხილავს აშშ-ის საფონდო ბირჟაზე დალისტვის შესაძლებლობას.
მათ ახალ პროექტებს შორისაა 190 მილიონი დოლარის ღირებულების გასართობი ცენტრი ლას-ვეგასში, რომელიც შთაგონებულია Paramount Pictures-ისა და ტომ კრუზის ფილმებით, Top Gun-ითა და Top Gun: Maverick-ით. ეს იქნება მაღალტექნოლოგიური და ადრენალინით სავსე ადგილი, რომელიც ფილმების მასშტაბურობას გადმოსცემს,”- ნათქვამია ორბი ჯგუფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Advent Allen International-ი ორბი ჯგუფთან და ბლოკ ჯგუფთან რამდენიმე წელია თანამშრომლობს. მიმდინარე პროექტთა შორისაა თბილისში “ცენტრალ პარკ თაუერსის” პროექტი, რომელიც 1400 ნომრიან აპარტოტელს, მრავალფუნქციურ ცენტრს და სამორინეს გააერთიანებს. პროექტის ფარგლებში ორი 42-სართულიანი ცათამბჯენი შენდება, რომელთა მთლიანი ფართობი 140,000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება ნახევარი მილიარდი დოლარია.
თავად Advent Allen International-ი არის მსხვილი საინვესტიციო ფონდი, რომელიც 100 მილიარდამდე მოცულობის აქტივებს მართავს. კომპანიის პორტფელი არის დივერსიფიცირებული და მასში შედის როგორც წარმოების, ასევე უძრავი ქონების, ფინანსური ფარმაცევტული და სხვა სექტორებში მოღვაწე კომპანიები.
2025 წელს Advent-მა არაერთი მსხვილი ბიზნესგარიგება განახორციელა, მათ შორის იყო ფარმაცევტული კომპანია Zentiva-ს 4.7 მილიარდ დოლარად რეალიზაციის ტრანზაქცია. ამასთან, ფონდმა 2025 წლის ოქტომბერში 1.36 მილიარდ დოლარად შეიძინა საკონსულტაციო კომპანია Heidrick & Struggles International-ი. ამასთან ამჟამად ფონდი განიხილავს სუნამოების ფრანგული ბრენდის - Parfums de Marly-ის $2 მილიარდად გაყიდვის შესაძლებლობას. 2025 წელსვე Advent-მა $2.5 მილიარდად ისრაელში დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის Sapiens International-ი, 2024 წელს კი ფონდმა Aareal Bank-თან ერთად 3.9 მილიარდ ევროდ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Aareon-ი გაყიდა.
Advent International-ი მსოფლიოს 44 ქვეყანაში ოპერირებს, ხოლო მის 100-მილიარდიან პორტფელში შემავალი კომპანიების რიცხვი 430-ს აჭარბებს.




























