მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას საქმიანობს "ქართუ"? - ივანიშვილის ფონდის პროექტების სრული ჩამონათვალი

5e415111474ba
შოთა ტყეშელაშვილი
10.02.20 17:10
5220
“ქართუ ჯგუფის” მიერ საკუთარი აუდიტორული ანგარიშის გასაჯაროებით, საზოგადოებისთვის პირველად გახდა ცნობილი თუ რა მოცულობის საქველმოქმედო დონაციები განახორციელა წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა “ფონდმა ქართუმ”.

დოკუმენტის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში ფონდის მთლიანი ხარჯები 144 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2017 წელთან შედარებით 63.8 მილიონით მეტი იყო.

2018 წელს ფონდის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ე.წ. “ვალების განულების” პროექტი იყო, რაც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ დაანონსა.

ფონდის საქმიანობის ამსახველ ცხრილში მხოლოდ მთლიანი ხარჯები არის წარმოდგენილი და არაა მითითებული, თუ რა იყო ამ ხარჯებში ე.წ. “ვალების განულების” წილი. აღნიშნულის მოცულობის შესახებ “ქართუ ჯგუფის” კონსოლიდირებული აუდიტორული ანგარიშის “სხვა აქტივების” ქვეთავიდან ხდება ცნობილი.

დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს “ქართუ ჯგუფმა” ვალების ჩამოწერის პროგრამის განსახორციელებლად ახალი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - მისო “კრედიტი 2018” დააფუძნა, რომლის საქმიანობის ერთადერთი მიზანიც ფონდ “ქართუსთვის” შესაბამისი დაფინანსების მიცემა და აღნიშნული თანხის სანაცვლოდ, ფონდისგან ჩამოსაწერად გამზადებული ვალების პორტფელის მიღება იყო.



მისო “კრედიტი 2018”-მა ჩამოსაწერად გამზადებული პორტფელი ფონდ “ქართუსგან” შეიძინა და შემდგომ ის გაანულა. შესყიდული პორტფელის ღირებულებად ანგარიშგებაში 38,877,000 ლარი არის მითითებული - შესაბამისად, “ქართუ ჯგუფის” შემადგენლობაში შემავალმა კომპანიამ აღნიშნულ თანხად გამოისყიდა ფონდისგან ვადაგადაცილებული სესხების პორტფელი. თავად “კრედიტი 2018”-ის ფინანსური შედეგები საჯარო არაა, შესაბამისად, უცნობია, მთლიანობაში რა იყო აღნიშნული კომპანიის ბრუნვა და განხორციელებული ოპერაციების სრული მოცულობა.

“ქართუ ფონდის” სხვა პროექტები - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ადრონული თერაპიის ცენტრი, ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია

“ქართუ ფონდის” საქმიანობა რამდენიმე ძირითად სფეროს მოიცავს, ესენია: განათლება, კულტურა (მათ შორის სარესტავრაციო სამუშაოების განხორციელება), ქართული სპორტის ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, გარემოსდაცვითი ღონისძებების განხოციელება.

საჯაროდ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ამჟამად ფონდის ყველაზე ძვირადღირებულ პროექტს “ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის” მშენებლობა წარმოადგენს. ამავე უნივერსიტეტში გაერთიანდება ადრონული თერაპიის ცენტრიც, რომელიც თავდაპირველი პროექტის მიხედვით, თბილისში უნდა შექმნილიყო. განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, აღნიშნულ ცენტრში ორი ციკლოტრონი განთავსდება. ფონდი ამ ტექნოლოგიებს ფრანგული კომპანია IBA-სგან 40 მილიონ ევროდ შეიძენს. ადრონული თერაპიის ცენტრის გახსნა 2024 წელს არის დაგეგმილი.

“ქართუ ჯგუფის” მმართველობითი ანგარიშის მიხედვით, ფონდის პროექტების სრული ჩამონათვალი ასეთია:

  • ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობა 
  • ბათუმის დრამატული თეატრის მშენებლობა 
  • Project - "Accumulation of property and implementation of various grant programs" 
  • რაგბის განვითარება-თელავი 
  • ოზურგეთის თეატრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 
  • რაგბის განვითარება-ნუცუბიძე 
  • ასოციაცია ატუ - პროექტი - ფილტვების ქრონიკული დაავადებების რეაბილიტაციის ცენტრის მშენებლობა დაბა აბასთუმანში 
  • რაგბის განვითარება-ლოკომოტივი 
  • პროექტი - "გზის რეაბილიტაცია ჩაქვში" (სარეაბილიტაციო სამუშაოები) 
  • პროექტი -კაფე ფანტაზიის რეაბილიტაცია ბათუმის ბულვარში 
  • ასოციაცია ატუ - პროექტი - თბილისის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო 
  • სამუშაოები 
  • პროექტი - საბავშვო ბაღის მშენებლობა ურეკში (სამშენებლო სამუშაოები) 
  • პროექტი - თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტირება და 
  • მოსამზადებელი სამუშაოები (პროექტი და სამშენებლო სამუშაოები) 
  • პროექტი- რაგბის არსებული სტადიონების მოვლა-შენახვის ხარჯები 
  • ზუგდიდის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები 
  • პროექტი-სოციალური რეაბილიტაცია 
  • პროექტი "ურეკის თემატური პარკის პროექტის დიზაინები" (პროექტის სამუშაოები) 
  • პროექტი "ბათუმის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია" (სარეაბილიტაციო 
  • სამუშაოები) 
  • პროექტი "საგურამოში პარკის რეაბილიტაცია" (სარეაბილიტაციო სამუშაოები) 
  • ასოციაცია „ატუ“ - პროექტი - დასასვენებელი-საპიკნიკო ადგილი სოფელ ბუკნარში 
  • ასოციაცია „ატუ“ - პროექტი - აბასთუმნის კეთილმოწყობა 
  • რაგბის განვითარება-ქუთაისი 
  • ასოციაცია "ატუ" - პროექტი - საკონცერტო დარბაზის მე -2 და მე -3 რიგის მშენებლობის 
  • სარეკონსტრუქციო სამუშაოები 
  • ასოციაცია "ატუ" - პროექტი - დედათა და მამათა მონასტრების რეაბილიტაცია დაბა აბასთუმანში 
  • ასოციაცია "ატუ" - პროექტი - მცენარეთა შეძენა და გამწვანების სამუშაოები თბილისის 
  • მერიისთვის 
  • ასოციაცია "ატუ" - პროექტი - ა. წერეთლის სახლ-მუზეუმი 
  • ასოციაცია "ატუ" -პროექტი - ზ. ფალიაშვილი ოპერისა და ბალეტის თეატრის 
  • რეაბილიტაცია 
  • ასოციაცია "ატუ" - პროექტი - დელფინარიუმის მშენებლობა ქობულეთში 
  • ასოციაცია "ატუ" -პროექტი - ავტომაგისტრალის მშენებლობა მახინჯაურში 
  • ასოციაცია "ატუ" - პროექტი - სასკოლო სტადიონის მოწყობა სოფელ ცეცხლაურში 
  • პროექტი-ეკოლოგია 
  • ასოციაცია "ატუ" -პროექტი- ჭორვილას საჯარო სკოლა 
  • პროექტი - მუსიკოსების პარკის მოწყობა სოფელ ნატანების საკონცერტო დარბაზთან 
  • ახლოს (სამშენებლო სამუშაოები) 
  • ასოციაცია "ატუ" - პროექტი - ინფრასტრუქტურის მოწყობა სოფელ ჭორვილაში " 
  • წმინდა გიორგის " სალოცავთან 
  • პროექტი - შადრევნის მშენებლობა სოფელ ნატანებში, საკონცერტო დარბაზთან ახლოს 
  • პროექტი - ბათუმი-ქობულეთის გზატკეცილის ინფრასტრუქტურის აღდგენა პეტრას 
  • ციხის მახლობლად 
  • პროექტი - სარკინიგზო პლატფორმების მოწყობა შეკვეთილსა და წვერმალაში 
  • პროექტი - ოზურგეთი-ნატანები-ურეკის გზის რეაბილიტაცია (სარეაბილიტაციო 
  • სამუშაოები) 
  • პროექტი - 21-კილომეტრიანი გზის რეკონსტრუქცია - ოზურგეთი-ნატანები-ურეკი 
  • პროექტი- სოფელ ეკალდიდის ხიდის მშენებლობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 
  • რაგბის სტადიონების მშენებლობა 
  • პროექტი- მანავის სამხედრო განყოფილების წყალმომარაგების სისტემის 
  • რეაბილიტაცია 
  • პროექტი - რკინიგზის სადგურის " ურეკის "და" ნატანების " მშენებლობა BSA-თან 
  • პროექტი - სოფელ ციხისძირის ინფრასტრუქტურის მოწყობა (სამშენებლო სამუშაოები) 
  • პროექტი - რაგბის განვითარება - მარტყოფი 
  • პროექტი - რაგბის განვითარება - რუსთავი 
  • პროექტი - რაგბის განვითარება- ავჭალა 
  • პროექტი - რაგბის განვითარება - შევარდენი 
  • პროექტი- თბილისის სომხური დრამატული თეატრის რეაბილიტაცია.

ამავე ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ 2017 წლის სექტემბრამდე, ფონდ “ქართუს” დამფუძნებელი სააქციო საზოგადოება “ქართუ ჯგუფთან” ერთად ფიზიკური პირი, ბენინის მოქალაქე, გბეგო ტოსა აოგნიბო ჟილბერი იყო.

“დამფუძნებელმა, ფიზიკურმა პირმა Gbego Tossa Ahognibo Gilbert-მა ნებაყოფლობით დატოვა ორგანიზაცია 2017 წლის 31 დეკემბრისთვის. ამ ეტაპზე ფონდის ერთადერთ დამფუძნებელს წარმოადგენს სს “ქართუ ჯგუფი”, – ნათქვამია დოკუმენტში.

თავად “ქართუ ჯგუფის” მესაკუთრეთა სია კი, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიისგან შედგება. მეწილეთა სრული სია ასეთია:

• Krista Investments – 48.324%;
• Sargans limited – 45.353%;
• Tarpan – 1.092%;
• Agroservice LLC – 4.243%;
• Interinvest LLC – 0.988 %.

ჯგუფის საბოლოო ბენეფიციარი, მესაკუთრე ანგარიშგების მიხედვით, უტა ივანიშვილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები