12-13 მარტს თბილისში, „ექსპო ჯორჯიაში“ ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა Logistics Expo 2026 გაიმართება. ღონისძიება, რომელიც ინდუსტრიის ლიდერებს, ექსპერტებსა და ლოგისტიკური პარტნიორების მოძიებით დაინტერესებულ კომპანიებს მთელი რეგიონიდან გააერთიანებს.
გამოფენის ერთ-ერთი მონაწილე ლოგისტიკური კომპანია ARAMEX GEORGIA იქნება. კომპანიის სატვირთო მიმართულების ხელმძღვანელი, ლიკა კიკაბიძე BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ აცხადებს, კომპანია ღონისძიებაზე რამდენიმე სერვისით იქნება წარმოდგენილი, მათ შორის „ეკონომფოსტითა“ და საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვებით.
როგორც კიკაბიძემ ეთერში აღნიშნა, გამოფენაზე შეთავაზებული სერვისები სპეციალურად ექსპოს ფორმატზე იქნება მორგებული და განსაკუთრებული აქცენტი მცირე მეწარმეებზე გაკეთდება. მისივე თქმით, „ეკონომფოსტა“ სწორედ მცირე ბიზნესისთვის შეიქმნა, ამიტომ დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გამოფენაზე მიიღონ დეტალური ინფორმაცია და გაეცნონ კომპანიის სერვისებს.
ლიკა კიკაბიძე ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ექსპორტის პოპულარიზაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათ შორის ღვინის სექტორისთვის.
"პრომოცია ექსპორტის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მეღვინეობის მიმართულებას, რომ მეღვინეებმა ექსპორტზე გაიტანონ პროდუქცია. შესაბამისად, მეღვინეებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ მოვიდნენ იმიტომ, რომ ინფორმაცია რასაც მივაწვდით, ძალიან საინტერესო იქნება როგორც საბაჟო, ისე ლოგისტიკის და სატრანსპორტო მიმართულებით", - თქვა მან.
ამასთან, ARAMEX GEORGIA გამოფენაზე წარადგენს მულტიმოდალურ საჰაერო გადაზიდვების სერვისებსაც. კიკაბიძის განმარტებით, კომპანია საერთაშორისო ჰაბის შესაძლებლობებს გამოიყენებს, რათა იმ ბაზრებზეც უზრუნველყოს პროდუქციის მიწოდება, სადაც საქართველოდან პირდაპირი ლოგისტიკური წვდომა შეზღუდულია : „შესაბამისად, გარკვეული მიმართულებებისთვის, სადაც ქართულ კომპანიებს შეზღუდვები ჰქონდათ, ჩვენ შევძლებთ პროდუქტის ჩატანას და კარიდან კარამდე მომსახურების შეთავაზებას,“ – აღნიშნა მან.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, გასული წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ გამოფენის მიმართ ბიზნესის მხრიდან მაღალი ინტერესი არსებობს და წელსაც აქტიურობის მოლოდინი აქვთ.




























