Develor საერთაშორისო საკონსულტაციო და სატრენინგო კომპანიაა, რომელსაც არაერთ ქვეყანაში აქვს ოფისი. Develor International-ს 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს საერთაშორისო ბაზარზე, ხოლო საქართველოს ოფისი 2017 წელს დაფუძნდა და კომპანიებს მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს, როგორებიცაა: მენეჯმენტისა და ლიდერობის, მომსახურების, გაყიდვებისა და მოლაპარაკებების, პიროვნული ზრდისა და კომუნიკაციის, გუნდური შეჭიდულობისა და თამაშზე დაფუძნებული ტრენინგის, შეფასებისა და დიაგნოსტირების, კონსალტინგისა და ქოუჩინგის მიმართულებები.
შექმნის ისტორიასა და მის სერვისებზე კომპანიის წარმომადგენლებმა "საქმიანი დილას" რუბრიკაში Develor for Business ისაუბრეს. როგორც „DEVELOR საქართველო“-ს თანადამფუძნებელმა, საერთაშორისო ტრენერმა და კონსულტანტმა გიორგი კაკულიამ განაცხადა, იდეა 2016 წელს გაჩნდა, რასაც მოჰყვა Develor-თან მოლაპარაკებები საქართველოში შემოსვლაზე.
"2016 წელს, მე და ჩემი კოლეგა უკვე დაახლოებით 12 წელი ვმუშაობდით როგორც საერთაშორისო ტრენერები და გადავწყვიტეთ, რომ გვინდოდა რაღაცა გაგვეკეთებინა საქართველოში, მანამდე ძირითადად საერთაშორისო დონეზე ვმუშაობდით და ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნება ბიზნეს ტრენინგების ჩატარება. გავიცანით Develor International-ი და მალევე მივხვდით, რომ ის მრავალფეროვანი პორტფელი, მიდგომები, რაც DEVELOR-ს ჰქონდა იქნებოდა ინოვაციური საქართველოში, წაადგებოდა ბიზნესს, ჩვენც ვიქნებოდით კონკურენტული და რაღაც სიახლეს შევთავაზებდით. შესაბამისად, დავიწყეთ მოლაპარაკებები. DEVELOR-ისთვის ერთის მხრივ საინტერესო იყო საქართველო, როგორც ახალი ქვეყანა და რეგიონში შემოსვლა, მეორეს მხრივ ცოტა რთულად მიიღეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ პატარა ქვეყანა ვიყავით, თუმცა საბოლოო ჯამში 2017 წლის მარტში უკვე დავაფუძნეთ კომპანია და მაისში პირველი დიდი პროექტი განვახორციელეთ ერთ-ერთ დიდ კომპანიასთან საქართველოში. აი ასე დავიწყეთ და მოვედით დღემდე",- თქვა გიორგი კაკულიამ.
მან ასევე ისაუბრა DEVELOR-ის კომპლექსურ მიდგომებზე, რომლებსაც რეალური და გრძელვადიანი შედეგები მოაქვს.
"ტრენინგები საქართველოში ოთხმოცდაათიანი წლებიდან აქტიურად ტარდებოდა, ბევრ კომპანიას უკვე ჰქონდა გამოცდილება ტრენინგების ჩატარების და ხშირი იყო ხოლმე უკმაყოფილება, რომ აი ტრენინგები ჩავუტარეთ, მაგრამ არაფერი შეცვლა. რატომ? იმიტომ, რომ 12 მონაწილიდან მხოლოდ ორი ახერხებს ტრენინგის მერე გრძელვადიანად ქცევით ცვლილებას. ანუ ამოცანა თუ არის ქცევითი ცვლილება, მხოლოდ ტრენინგი არ არის საკმარისი, უფრო მეტია საჭირო. ასევე კვლევით დგინდება, რომ ტრენინგის წარმატებისთვის მხოლოდ ტრენინგის ფაქტორი არის 20%. 10%-ით მნიშვნელოვანია რა ხდება მანამდე და 70% ძირითადი ძალისხმევა უნდა ჩაიდოს იმაში თუ რა ხდება ტრენინგის შემდგომ. შესაბამისად, DEVELOR გვთავაზობს კომპლექსურ მიდგომას, რაც ნიშნავს, რომ ტრენინგამდე და ტრენინგის შემდეგ რაც კეთდება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს მოიცავს დიაგნოსტირებას, პროდუქტების პროცესების შესწავლას თვითონ კომპანიაში, კომპეტენციების გააზრებას, მენეჯმენტთან შეთანხმებას იმ ქცევითი ცვლილებების, რაც გვინდა, რომ მიიღოს კომპანიამ და შემდეგ უკვე წარმატებული ტრენინგის შემდეგ მნიშვნელოვანია ძალისხმევა, რომელიც უნდა გაიღონ არა მხოლოდ DEVELOR-ის კონსულტანტებმა, ასევე თვითონ კომპანიამ. ამიტომ ეს კომპლექსური მიდგომა ერთობლიობაში უზრუნველყოფს იმას, რომ რეალურად ჩვენი ტრენინგის მონაწილეები შეძლებენ ქცევითი ცვლილების დანერგვას.
ჩვენ არ გვყავს მხოლოდ ტრენერები, ესენი არიან ტრენერ-კონსულტანტები. იმისათვის, რომ ქცევით ცვლილებებს მივაღწიოთ, მნიშვნელოვანია ტრენერს ჰქონდეს ასევე პრაქტიკული გამოცდილება",- აღნიშნა გიორგი კაკულიამ.
თავის მხრივ, „DEVELOR საქართველო“-ს გაყიდვებისა და მოლაპარაკებები ტრენერმა სოფი ქათამიძემ კომპანიებისთვის ძლიერი გაყიდვების გუნდის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით ინვესტირების საჭიროებაზე ქცევითი ცვლილებების მისაღწევად.
"ძალიან შეიცვალა გაყიდვების როლი ზოგადად კომპანიის წარმატებაში, ეს აღარ არის მხოლოდ სტრუქტურა, რომელიც გეგმების შესრულებაზე იმუშავებს. ეს არის მთლიანი პროცესი, რომელიც ძალიან ცოცხალი ორგანიზმია და მომხმარებლის ირგვლივ შენდება, აქ აუცილებელია მონაცემების ანალიზი, ურთიერთობების შენება და ამით გამყარება იმ გამოცდილების, რომელსაც კომპანიები მომხმარებლებს უქმნიან და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამაში ინვესტიციის გაკეთება და დაფასება კიდეც გაყიდვების, როგორც პროფესიის, იმიტომ, რომ არასწორად შერჩეული გაყიდვების გუნდი ან არასწორი კულტურა, რომელიც გუნდში ყალიბდება, შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან სარისკო იყოს კომპანიის ბრენდისთვის და შედეგების მიღწევაზე ძალიან ცუდი გავლენა იქონიოს. ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ ინვესტიციას და ამაზე კომუნიკაციას და ერთად მუშაობას სიღრმისეულად ქცევითი ცვლილებები რომ შევიტანოთ ორგანიზაციებში და არ იყოს ეს მხოლოდ სტანდარტული ლამაზად შეფუთული ტრენინგი",- განაცხადა სოფი ქათამიძემ.




























