მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას სთავაზობს მომხმარებელს ღვინის მაღაზია და ბარი The Wine?

THE WINE

ღვინის მწარმოებელი კომპანია „თბილღვინოს“ მიერ თბილისში ახლად გახსნილი ღვინის მაღაზია და ბარი The Wine მომხმარებლის მხრიდან დიდი ინტერესით სარგებლობს - ასე აფასებს ახალი სივრცის დატვირთულობის მაჩვენებელს „თბილღვინოს“ მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი ალექსანდრე მარგველაშვილი.

BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილაში" სტუმრობისას მან აღნიშნა, რომ თბილისში, ირაკლი აბაშიძის N64-ში დეკემბერში გახსნილი ღვინის მაღაზია-ბარი მომხმარებელს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან შერჩეულ პრემიუმ ღვინოებს სთავაზობს.

„The Wine 20 დეკემბერს ამოქმედდა და საკმაოდ კარგი სტარტი გვქონდა. ინტერესი მაღალია და შედეგებიც დამაიმედებელია. ეს არ არის უბრალოდ მაღაზიის ან ბარის პროექტი – იდეა წლების წინ გაჩნდა“, – ამბობს მარგველაშვილი.

მისივე თქმით, კონცეფციის ჩამოყალიბებისას აქცენტი გაკეთდა იმ ქვეყნების გამოცდილებაზე, სადაც ღვინის კულტურა და ინდუსტრია განსაკუთრებით განვითარებულია.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ ბაზრების შესწავლა, სადაც ღვინო ყოველდღიური კულტურის ნაწილია. ეს იწყება იმ ბრენდებიდან, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით ცნობილია. განვითარებულ ეკონომიკებში სვამენ ისეთ ღვინოებს, რომლებიც საქართველოში ჯერ ნაკლებად ცნობილია, თუმცა ვხედავთ, რომ ადგილობრივ ბაზარზე უცხოური ღვინოების მიმართ ინტერესი თანდათან იზრდება“, – აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.

მარგველაშვილის ინფორმაციით, The Wine მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ერთმანეთს შეადაროს საერთაშორისო ბაზარზე უკვე დამკვიდრებული, მაღალი ხარისხის ღვინოები და ქართული პრემიუმ ღვინოები, რაც ნათლად აჩვენებს მათი ხარისხის დონეს.

„ჩვენ კარგად ვიცით, რამდენად მაღალი ხარისხის ღვინოებს ვაწარმოებთ და ისიც, რომ მათ შეუძლიათ საერთაშორისო კონკურენციაში ჩართვა. ჩვენი მთავარი მიზანია, ყოველწლიურად გავაუმჯობესოთ როგორც ყურძნის, ისე ვენახის ხარისხი. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ კლიმატური პირობების გამო ერთი და იგივე ღვინო არასდროს მეორდება, და სწორედ ეს წარმოადგენს დიდი მეღვინეობის მთავარ გამოწვევას — როგორი შედეგის მიღწევა შეგიძლია კლიმატის ცვლილებების მიუხედავად“, – აღნიშნავს იგი.

გაყიდვების კუთხით, მარგველაშვილი აცხადებს, რომ დეკემბრის მეორე ნახევარი განსაკუთრებით აქტიური აღმოჩნდა, იანვარი კი შედარებით წყნარი ტენდენციით ხასიათდება.

„დეკემბრის მეორე ნახევარი ყველაზე დატვირთულია – ადამიანები ღვინოს ან საჩუქრად, ან პირადი მოხმარებისთვის ყიდულობენ. ამ პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა ცქრიალა ღვინოების მოთხოვნა, რაც ჩვენთვის ახალი მიმართულებაა. ახალი წლის შემდეგ კი ტრადიციულად უფრო მშვიდი ეტაპი დგება“, – განმარტავს მარგველაშვილი.

მისივე თქმით, The Wine-ში წარმოდგენილი ასორტიმენტი მკაცრი შერჩევის შედეგია და მხოლოდ კომერციულ ინტერესებზე არ არის დაფუძნებული.

„ჩვენ არ ჩამოგვაქვს რიგითი მეღვინეობის ბრენდები და არც მხოლოდ კომერციისთვის ვმუშაობთ. შევარჩიეთ ფლაგმანი მეღვინეობები მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ღვინის რეგიონებიდან, რომლებიც ძლიერ ეკონომიკებშია დამკვიდრებული. მიზანი იყო, ეს ღვინოები ქართველი მომხმარებლისთვის გაგვეცნო და მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასებში წარმოგვედგინა“, – აცხადებს ალექსანდრე მარგველაშვილი.

კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ახალი სივრცე საქართველოში ღვინის მოხმარების კულტურის გაღრმავებასა და უცხოური პრემიუმ ღვინოებისადმი ინტერესის ზრდას შეუწყობს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები