ბრიტანული კომპანიაა SSH Group ქართულ ბაზარზე რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და ტურისტულ, სამედიცინო და სამშენებლო კომპანიებს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ სერტიფიცირების და კონსულტაციების სერვისებს სთავაზობს.
კომპანიას საქართველოში გოჩა გოგიბერიძე ხელმძღვანელობს, რომელიც BMG-სთან საუბრისას ყვება, რომ უსაფრთხოების სფეროში მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს აერთიანებენ და მათი მთავარი მიზანი ქვეყანაში ISO სტანდარტიზაციის სრული დაფარვაა, რაც სასურსათო, კვების, სახანძრო, შრომის თუ სხვა სახის უსაფრთხოებას მოიცავს.
"ჩვენი ორგანიზაცია ნატოს მიერაა აკრედიტებული. ამ ეტაპზე ჩვენს დამკვეთებს უსაფრთხოების სრულ პაკეტს - ტრენინგებს, აუდიტის სერვისის დანერგვას, აუთსორსინგის და კონსალტინგის ვთავაზობთ. ეს ყველაფერი უსაფრთხოების და დაცვის კუთხით კომპანიაში არსებული სიტუაციის ანალიზს, შეფასებასა და სისტემის აწყობას მოიცავს. დამკვეთის სურვილის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ მათ ტექნიკური მხარდაჭერაც გავუწიოთ", - ამბობს SSH Group-ის წარმომადგენელი.
მისივე ცნობით, ორგანიზაციას ამ დროისთვის მხოლოდ აჭარის რეგიონი აქვს დაფარული. აქ ძირითადად სასტუმრო სექტორში არიან წარმოდგენილი, თუმცა მოლაპარაკებებს სხვადასხვა ორგანიზაციებთან აქტიურ რეჟიმში აწარმოებენ. ახლახან საგანმანათლებლო სექტორისთვის ინდივიდუალური პროგრამაც შეიმუშავეს.
"ჩვენი სერვისი რამდენიმე წამყვან ბრენდულ სასტუმროში უკვე დანერგილი გვაქვს, როგორიცაა "ბესთ ვესთერნი" და ასე შემდეგ. ახლახან კი მოვამზადეთ საკმაოდ საინტერესო პროექტი სასწავლო სექტორისთვის და უკვე სკოლებსა და ბაგა-ბაღებისთვისაც ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს, თუმცა ჯერჯერობით, კვლავ მოლაპარაკებების პროცესში ვართ", - ამბობს გოჩა გოგიბერიძე.