გავლენიანმა იტალიურ გამოცემა Corriere dello sport-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა შეთავაზება აქვს ფრანგულ “პსჟ-ს” ქართველ შემტევ ხვიჩა კვარაცხელიასთან.
მათი ცნობით პარიზელები ხვიჩას 4,5 წლიან კონტრაქტს და წელიწადში ანაზღაურების სახით 11 მილიონ ევროს სთავაზობენ. სიტუაციას ართულებს “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, რომელიც ქართველის გასხვისებას არც 110 მილიონი ევროს სანაცვლოდ აპირებს. ასეთი პრინციპულობის მიზეზი ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტეცაა, რომელმაც კლუბის გაწვრთნის წინადადებას, სხვა პუნქტების შესრულებასთან ერთად, კვარაცხელიას შენარჩუნების გარანტიის მიღების შემდეგ დათანხმდა.
მდგომარეობას ამწვავებს ისიც, რომ ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი იტალიელებისგან ანაზღაურების სახით 6-7 მილიონ ევროს ითხოვს, დამატებითი ბონუსების გათვალისწინებით და ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენის მსგავსი გამოსასყიდი პუნქტის ჩადებით. საპირისპიროდ ნეაპოლელების წინადადება 4-5 მილიონიან ანაზღაურებას ითვალისწინებს და ამავდროულად არ მოიცავს გამოსასყიდი პუნქტის ჩადებას.
ცნობისთვის, “ნაპოლის” ახალი სპორტული დირექტორი, ჯოვანი მანა გერმანიაში გაფრინდა, რათა ხვიჩასა და მამუკა ჯუღელს შეხვდეს. სპორტული დირექტორი ქართველ ფეხბურთელს ახალ, გაუმჯობესებულ და საბოლოო შეთავაზებას გაუკეთებს, რის შემდეგაც კვარაცხელიას მომავალი საბოლოოდ გაირკვევა.