მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას სთავაზობს ქართული სტარტაპი Tasteit-ი მომხმარებელს?

Tasteit

ქართული სტარტაპი Tasteit, რომელიც საქართველოში 2.5 წლის წინ შეიქმნა და დღეს უკვე გლობალურ პლატფორმად ჩამოყალიბდა, 60 000-ზე მეტ აქტიურ მომხმარებელს აერთიანებს.

ამის შესახებ Tasteit-ის თანადამფუძნებელმა, თეო გონგლაძემ BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" განაცხადა.

Tasteit-ი განსხვავებული კონცეფციის პლატფორმაა, რომელიც ადამიანებს ტრადიციული გაცნობის აპლიკაციებისგან განსხვავებით, არა ფოტოებით, არამედ კერძების მოწონებით აკავშირებს. სტარტაპი ბაზარზე „ანტიდეითინგ აპლაციად“ პოზიციონირებს და მიზნად ადამიანებს შორის კომუნიკაციის გამარტივებას ისახავს.

„ეს არის აპლიკაცია, რომელმაც ოპერირება საქართველოში დაიწყო, თუმცა ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო, რომ გლობალური პლატფორმა გამხდარიყო. ამ ეტაპზე, აპლიკაციას 60 000 აქტიური მომხმარებელი ჰყავს, გადმოწერის რაოდენობა კი ბევრად მეტია. მომხმარებლის დაახლოებით 80% ქართველია“, - აცხადებს თეო გონგლაძე.

მისივე თქმით, Tasteit-ის პირველი საერთაშორისო ბაზარი გერმანია იყო, შემდეგ კი სტარტაპმა ოპერირება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც დაიწყო.

„ბოლო მოვლენებმა, მათ შორის TechCrunch-ის მიერ Tasteit-ის 200 საუკეთესო სტარტაპს შორის დასახელებამ და Startup World Cup-ში წარდგენამ, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ამერიკული ბაზარი სწორად შევარჩიეთ და ამ ეტაპზე ის ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“, - ამბობს გონგლაძე.

სტარტაპის თანადამფუძნებლის შეფასებით, ტრადიციულმა გაცნობის აპლიკაციებმა ბაზარზე აქტუალობა დაკარგა და ხშირად მარტოობის პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებს.

„გაცნობის აპლიკაციებმა რეალურად თავისი თავი ამოწურა. ისინი ადამიანებს ერთმანეთთან კავშირს არ უმარტივებს და ხშირად მარტოსულად აგრძნობინებს თავს“, - აღნიშნავს ის და დასძენს, რომ Tasteit-მ ამ პრობლემას ალტერნატიული გზით უპასუხა.

მისი თქმით, პლატფორმის მთავარი იდეა საკვების გარშემო კომუნიკაციის შექმნაა : „ჩვენ ვამბობთ, რომ საჭმელი ამარტივებს კომუნიკაციას. Tasteit არის ჭამის მეგობრების აღმოჩენის აპლიკაცია, სადაც ურთიერთობა ბევრად უფრო მარტივი და ბუნებრივია. ქართულმა საზოგადოებამ ჩვენი იდეა ზუსტად ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო, რასაც რიცხვებიც ადასტურებს", - აცხადებს სტარტაპის თანადამფუძნებელი.

გონგლაძის თქმით, ბერლინსა და ნიუ-იორკში მარკეტინგული კამპანიები ჯერ არ განხორციელებულა და მომდევნო ინვესტიციების ძირითადი მიზანი სწორედ საერთაშორისო ბაზრებზე ცნობადობის გაზრდა იქნება.

აპლიკაციის თანადამფუძნებლის ინფორმაციით, კომპანიამ უკვე მოიზიდა 200 000 ევროზე მეტი გრანტებისა და ინვესტიციების სახით. ცოტა ხნის წინ Tasteit განახლდა და დაემატა ფასიანი ვერსია ახალი ფუნქციონალით : "დავამატეთ ფილტრი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია გაიცნონ ადამიანები ამერიკასა და გერმანიაში, რაც ძალიან საინტერესო ფუნქცია აღმოჩნდა", - ამბობს გონგლაძე და აღნიშნავს, რომ მომხმარებლის უკუკავშირი განსაკუთრებით პოზიტიურია.

Tasteit-ის ბიზნესმოდელი გამოწერაზეა დაფუძნებული. უფასო ვერსიაში მომხმარებელს საბაზისო ფუნქციებზე აქვთ წვდომა, ფასიანი ვერსია კი დამატებით შესაძლებლობებს აერთიანებს, მათ შორის „ჭამის ღონისძიებების“ დაანონსებას და სპეციალურ შეთავაზებებს : „მთავარი შემოსავლის წყარო კომპანიისთვის ფასიანი გამოწერაა, თუმცა გვაქვს ფასიანი პარტნიორობები კომპანიებთან“, - განმარტავს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები