თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და განაშენიანების ინტენსივობაზე დაწესებული შეზღუდვები, ინვესტორებისთვის სამუშაოდ ახალი ფურცელია.
"ახალი გენგეგმა და წესები, რაც კოეფიციენტების აკრძალვასთან დაკაშირებით მივიღეთ, ეს არის ახალი, სუფთა ფურცელი ინვესტორებისთვის, რაც მათ აძლევთ სამუალებას, შექმნან ისეთი უბნები, მათ შორის, ყოფილ საწარმოო ტერიტორიებზე, რომელთაც საცხოვრებელი ზონების სტატუსი მიენიჭა. მათ შეუძლიათ იქ შექმნან ისეთი უბნები, რომელთაც არ შეექმნებათ პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ მათ გვერდზე ვინმე ისეთ ინტენსივობას გაანაშენიანებს, რომ ვინმე დაიჩრდილება", – განაცხადა მერის მოადგილემ BM.GE–სთან საუბრისას.
კითხვაზე, არის თუ არა კერძო სექტორში მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ სამშენებლო აქტივობებმა ყოფილ საწარმოო ტერიტორიებზე გადაინაცვლოს, მაია ბითაძე პასუხად აღნიშნავს, რომ ბიზნესწრეების წარმომადგენლები ქალაქში დაწესებულ ახალ შეზღუდვებს იზიარებენ.
"ამ ბოლო პერიოდმა ცხადჰყო, რომ არ არსებობს ბიზნეს ჯგუფი სამშენებლო სფეროში, რომელმაც წინააღმდეგობა გამოხატა იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ შემოვიღეთ. ეს არის გამოწვეული მხოლოდ და მხოლოდ ერთ გარემოებით – ჩვენ ვქმნით კონკურენტულ გარემოს, სადაც არავის ექნება უპირატესობა, რაც ბიზნესის სწორი განვითარების ყველაზე სწორი საფუძველია. შესაბამისად, ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ბიზნეს სექტორთან ერთად. მათ სწორედ გაიგეს ის არსი და კონცეფცია, რის გარშემოც ჩვენ ვერთიანდებით, რომ ქალაქის სამომავლო ეკონომიკური ღირებულების დაკარგვა თავიდან ავირიდოთ", – განმარტა მერის მოადგილემ.
ახალი გენგეგმის მიხედვით, ყოფილი საწარმოო ტერიტორიების, ანუ ე.წ ბრაუნფილდების საერთო ფართობი დედაქალაქში, დაახლოებით 800 ჰექტარია.
შეგახსენებთ, რომ თბილისში განაშენიანების ინტენსივობის – k2 კოეფიციენტის მატება შეიზღუდა. გამონაკლისები მხოლოდ დაუსრულებელ მშენებლობებსა და ავარიულ შენობა–ნაგებობებზე ვრცელდება.

























