CIPS — ანუ China's Cross-Border Interbank Payment System — არის ჩინეთის ბანკთაშორისი გადახდების სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს იუანით საერთაშორისო ანგარიშსწორების გამარტივებას. სისტემა ამოქმედდა 2015 წელს და მას განაგებს ჩინეთის სახალხო ბანკი (PBOC).
CIPS განკუთვნილია როგორც ჩინური, ისე უცხოური ბანკებისთვის, რათა მათ უსაფრთხოდ და ეფექტიანად განახორციელონ იუანით ტრანზაქციები გლობალურ დონეზე. ამით CIPS წარმოადგენს ალტერნატივას SWIFT-ს მსგავს სისტემებზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩინეთი ცდილობს გააძლიეროს იუანის გამოყენება საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე.
გუშინ, 17 ივლისს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ CIPS-ის უფროსს, ფუ ჰუანგს შეხვდა. დღეს კი სებ-მა შეხვედრასთან დაკავშირებით გაავრცელა დამატებითი განცხადება, რომლის მიხედვითაც ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემა - CIPS-სთან თანამშრომლობა ქვეყნის საბანკო სექტორისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ეს არ განიხილება რაიმე სახით SWIFT-ის ჩამნაცვლებელ პლატფორმად.
"CIPS თანამშრომლობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ახალ შესაძლებლობებს ქმნის სისტემაში ჩართული ბანკებისთვის, გააუმჯობესონ გადარიცხვების ეფექტიანობა საქართველოსა და ჩინეთს შორის ვაჭრობით დაკავებული კომპანიებისთვის. კერძოდ, CIPS სისტემით შესაძლებელია შუამავალი ფინანსური ინსტიტუტების გარეშე პირდაპირი ტრანზაქციები იუანით, რაც ამცირებს ხარჯებს გადახდის განხორციელების დროს. ეს იქნება დამატებითი არხი, რომ ქართული და ჩინური ბანკების ურთიერთგადარიცხვები იუანით გახდეს უფრო გამჭვირვალე, პირდაპირი და ხარჯთეფექტური, ხოლო თავად გადახდების პროცესი კიდევ უფრო მდგრადი და საიმედო. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს იქნება დამატებითი ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია.
რაც შეეხება ამ თემასთან დაკავშირებით გავრცელებულ სპეკულაციურ განცხადებებს, რომ CIPS-ი თითქოსდა SWIFT-ის ალტერნატივაა და მას ჩაანაცვლებს, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ იგი არ წარმოადგენს SWIFT-ის ალტერნატივას. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ივნისის მონაცემებით, CIPS- ის ქსელში ჩართულია 189 ქვეყნის 4 900-ზე მეტი ფინანსური ინსტიტუტი. მათ შორის, ევროპის - 261, ჩრდილოეთ ამერიკის - 34, სამხრეთ ამერიკის - 34, ავსტრალია/ოკეანეთის - 22 საბანკო დაწესებულება, რომელთა უმრავლესობაც ერთდროულად სარგებლობს SWIFT-ით და CIPS-ით ისევე როგორც შესაძლოა სხვა რეგიონალური საგადახდო სისტემებით.
CIPS-ი ძირითადად ჩინური იუანით გადარიცხვებზეა ორიენტირებული, ხოლო SWIFT-ი მრავალ ვალუტას მოიცავს. შესაბამისად, CIPS - ს განვიხილავთ მხოლოდ როგორც გადახდების დამატებით საშუალებას, რეგიონალური დივერსიფიკაციის მექანიზმს და არა - SWIFT-ის ჩამნაცვლებელ სისტემას. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მოსაზრება, რომელიც უკავშირდება SWIFT - ის რომელიმე სისტემით, მათ შორის CIPS-ით ჩანაცვლებას, სრული დეზინფორმაციაა,"- ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.




























