საქართველოს მთავრობამ 12 დეკემბერს მემორანდუმი გააფორმა დუბაიში დაფუძნებულ კომპანია PRYPCO-სთან უძრავი ქონების ტოკენიზაციის პროექტთან დაკავშირებით. მემორანდუმს ხელი იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და PRYPCO-ს დირექტორმა ამირა საჯვანმა მოაწერეს. მთავრობის ინფორმაციით, ტოკენიზაციის პროექტი ქვეყანაში უძრავ ქონებაში ინვესტიციებს შეუწყობს ხელს, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციაში არაა ნათქვამი უშუალოდ რა სახის ტოკენიზაციის პროექტზე არის საუბარი.
კომპანია PRYPCO არის დუბაის უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია DAMAC-ის შვილობილი. კომპანია, თავად DAMAC-ი არის დუბაის ერთ-ერთი მსხვილი დეველოპერი, რომლის აქტივების ღირებულებაც კომპანიის 2023 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, 9 მილიარდ დოლარს აღწევს. 2023 წელს კომპანიის შემოსავალი 2.4 მილიარდი დოლარი, მოგება კი 1.1 მილიარდი დოლარი იყო. DAMAC-ის დამფუძნებელია ბიზნესმენი ჰუსეინ საჯვანი, მისი ქონება Forbes-ის მიერ 10.2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ამასთან, ჰუსეინ საჯვანი PRYPCO-ს დირექტორის, ამირა საჯვანის მამაა. PRYMCO-ს ვებგვერდის თანახმად, მათი სერვისები ძირითადად DAMAC-ის უძრავი ქონების იპოთეკის, უძრავი ქონების შუამავლობისა და უძრავი ქონების შესყიდვით უცხოელი ინვესტორებისთვის UAE-ში 10-წლიანი "ოქროს ვიზის" მოპოვებაში დახმარებას შეეხება.
ამასთან, კომპანია PRYPCO-ს აქვს პროდუქტი PRYPCO MINT-ი, რომელიც თავად უძრავი ქონების ტოკენებად დაყოფას და ტოკენების სახით რეალიზაციას ისახავს მიზნად. ეს შეიძლება იყოს საკუთრების ფრაქციული ფლობა როდესაც სხვადასხვა პირებს ტოკენის შეძენით შეუძლიათ ფლობდნენ სახლის ერთ მეასედს (1%-ს, მეათასედს 0.1%-ს, თუ 0.01%-ს). წარმოადგენს რწმუნებას იმაზე რომ პირი ფლობს საკუთრების 0.1%-ს თუ 1%-ს.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტისას პაატა სალიამ მემორანდუმი გააფორმა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში უძრავი ქონების ბაზრის ციფრულ ტრანსფორმაციასა და ინვესტიციების მოზიდვას.
„ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და Prypco Technologies-ს შორის. ეს ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ცნობილი სამშენებლო კომპანია „დამაკის“ (DAMAC) შვილობილი, რომელიც დუბაიში პილოტ პროექტს ახორციელებდა. აღნიშნული პროექტი კი გულისხმობდა უძრავი ქონების ტოკენიზაციას, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ინვესტორების რიცხვი დუბაიში“, - განაცხადა სალიამ.
მისივე თქმით, მემორანდუმი ითვალისწინებს მომავალ თანამშრომლობას, რათა საქართველოშიც დაინერგოს მსგავსი ტექნოლოგია.
„აღნიშნული შესაძლებლობას მისცემს უცხოელ ინვესტორებს, საქართველოში შეიძინონ უძრავი ქონება ტოკენიზაციის საშუალებით. ეს ბევრ წვრილ ინვესტორს საქართველოში ჩამოუსვლელად აძლევს საშუალებას, შეიძინონ საინვესტიციო უძრავი ქონება. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ კიდევ უფრო გახსნილი გახდეს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი უცხოელი ინვესტორებისათვის. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის როლი, რომ ყველას ინტერესი - როგორც ინვესტორის, ისე ქონების მესაკუთრის - იყოს დაცული“, - განაცხადა "ქართული ოცნების" იუსტიციის მინისტრმა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ სამართლებრივ და ტექნოლოგიურ საკითხებში, შეისწავლიან საქართველოში უძრავი ქონების ტოკენიზაციის განვითარების შესაძლებლობებს და საჯარო სერვისების სისტემებთან მის თავსებადობას.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საქართველოს მთავრობამ უძრავი ქონების რეესტრში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. მაშინ პროექტი არა ტოკენიზაციას, არამედ უძრავი ქონების ჩანაწერების ბლოკჩეინში გადატანას შეეხებოდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს სერვისს ბლოკჩეინ კომპანია Bitfury-ი აწვდიდა. შინაარსობრივად, ტოკენიზაციის პროექტი სავარაუდოდ გულისხმობს ერთი ქონების ბევრ ტოკენად დაყოფას და მის ფრაქციებად გაყიდვას (სახლის 2%, სახლის 3%) თუმცა უშუალოდ რაზე მიმდინარეობს საუბარი ჯერჯერობით საჯაროდ ცნობილი არაა, თუმცა სწორედ ეს არის სერვისი რომელსაც PRYPCO MINT-ი საკუთარი ვებგვერდის თანახმად მის კლიენტებს სთავაზობს.




























