დღეს, 21 მარტს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში "კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია" იმართება, რომელსაც საქართველოდან "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესწრება. იგი კონფერენციაზე სიტყვითაც გამოვიდა.
Conservative Political Action Conference (CPAC) არის ყოველწლიური პოლიტიკური კონფერენციაა, რომელიც პირველად 1974 წელს აშშ-ში, ამერიკის კონსერვატიული კავშირის მიერ ჩატარდა. იგივე სახელი და აბრევიატურა გამოიყენება სხვა ქვეყნებში გამართული კონფერენციებისთვისაც. მათ შორისაა: არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, უნგრეთი, იაპონია, მექსიკა, პოლონეთი და სამხრეთ კორეა.
უნგრეთი ევროპაში პირველი ქვეყანა იყო, სადაც პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ინიციატივით, 2022 წელს CPAC-ის კონფერენცია ჩატარდა.
ოფიციალური ვებგვერდის თანახმად: "CPAC უნგრეთის მიზანს გლობალისტი ლიბერალების ყველაზე ცუდი კოშმარის ახდენა - ეროვნული ძალების საერთაშორისო თანამშრომლობა წარმოადგენს. ათწლეულების განმავლობაში ისინი ცდილობდნენ დავერწმუნებინეთ, რომ მემარჯვენეებს ტრანსნაციონალურ დონეზე გაერთიანება არ შეეძლოთ; ამტკიცებდნენ, რომ ლოკალიზმი საკუთარ ადგილებზე ზედმეტად მიგვაჯაჭვებდა და ჩვენ შორის კონფლიქტს გააღვივებდა. თუმცა, ნათელი გახდა, რომ ეს არა რეალობა, არამედ პროგრესული, ინტერნაციონალისტური მედიაელიტის მიერ თავსმოხვეული აღქმა იყო," - ნათქვამია ვებგვერდზე.
უნგრეთში "კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას" ყოველწლიურად ვიქტორ ორბანი ხსნის, აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი დამსწრე საზოგადოება ვიდეომესიჯით მიმართავს.
"კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია" 2026
წლევანდელ ღონისძიებაზე თავის გამოსვლაში პრემიერმა ორბანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ დასავლურმა სამყარომ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. მისი თქმით, ამ ძვრამ პროგრესული ტენდენციების უკან დახევა გამოიწვია: "დასავლური სამყარო უკეთესი ადგილია, სადაც ტრადიციული ღირებულებების, როგორიცაა ოჯახი და ქრისტიანობა, კვლავ ღიად აღიარებაა შესაძლებელი".
მისი თქმით, უკვე ათ წელზე მეტია, უნგრეთი "ევროკავშირში ეროვნულ-კონსერვატიული ძალების უძლიერეს ბასტიონს" წარმოადგენს, პარალელურად კი ბრიუსელისა და უკრაინის მხრიდან კოორდინირებულ გამოწვევებს უმკლავდება. ორბანის განცხადებით, უნგრეთის დასუსტების ბოლოდროინდელი მცდელობები ჩაიშალა და ქვეყანამ, მათ შორის ენერგოსისტემაში, სტაბილურობა შეინარჩუნა.
სამომავლო პერსპექტივებზე საუბრისას, პრემიერმა ხაზი გაუსვა მომავალი პოლიტიკური ბრძოლების მაღალ ფასს: "თუ ჩვენ აქ გავიმარჯვებთ, არა მხოლოდ დავიცავთ უნგრეთს, არამედ შევამტვრევთ პროგრესისტების კარიბჭეს ბრიუსელში".
კიდევ ვინ ესწრება უნგრეთში CPAC 2026-ს?
კონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას კონგრესმენები რას ფულჩერი (აიდაჰოდან) და ენდი ჰარისი (მერილენდიდან) წარმოადგენენ, თუმცა ვიდეო მიმართვა პრეზიდენტმა ტრამპმაც გაავრცელა.
მიმართვაში დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უნგრეთის მოახლოებულ არჩევნებში მისი სრული მხარდაჭერა ვიქტორ ორბანს აქვს, რომელმაც "მსოფლიოს აჩვენა, რა არის შესაძლებელი, როდესაც იცავ შენს საზღვრებს, შენს კულტურას, მემკვიდრეობას, სუვერენიტეტსა და ღირებულებებს".
"მადლობა ყველას CPAC კონფერენციაზე საღი აზრისა და კონსერვატიული პრინციპებისთვის ერთგულებისთვის და ასევე საერთო ცივილიზაციისთვის, რომელსაც ამერიკელები, უნგრელები და ევროპელები იზიარებენ. ჩვენი ორი ქვეყანა აჩვენებს გზას განახლებული დასავლეთისკენ, რომელიც დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს, აღზრდის ჩვენს შვილებს და წარუძღვება მსოფლიოს მომავალი თაობებისთვის", - განაცხადა დონლად ტრამპმა.
ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, კონფერენციის სტუმრებს შორის ასევე არიან ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში და პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი.
ღონისძიებაზე ასევე ელოდებიან ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლასაც. შეგახსენებთ, რომ ისრაელის პრემიერმა ბუდაპეშტში ვიზიტი გასულ წელს გამართა.
ამ დროისთვის ოფიციალურად არ გამოცხადებულა, გაუქმდა თუ არა ისრაელის პრემიერის გამოსვლა CPAC-ზე, თუმცა შესაძლებელია, რომ მან ღონისძიებაში მონაწილეობა ონლაინ ფორმატში მიიღოს.
დღის წესრიგის თანახმად, კონფერენციაზე სიტყვით გერმანიის ულტრამემარჯვენე ოპოზიციური პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" ლიდერი ალის ვეიდელიც გამოვა.
სპიკერებს შორისაა არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეიც.




























